ლუი-მარი დე ლარეველერ-ლეპო

ლუი-მარი დე ლარეველერ-ლეპო (დ. 24 აგვისტო, 1753 — გ. 24 მარტი, 1824) — საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი პოლიტიკოსი, ეროვნული კონვენტის დეპუტატი და შემდგომში დირექტორიის წევრი.

ლუი-მარი დე ლარეველერ-ლეპო

დაიბადა ვანდეიაში. სწავლობდა სამართალს ანჟესა და პარიზში. რევოლუციის მიმდინარეობისას, დე ლარეველერ-ლეპომ მართალია ხმა მისცა ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას, მაგრამ ბოლომდე არ ეთანხმებოდა ექსტრემისტებს. ზოგიერთი ჟირონდისტის მსგავსად, 1793 წელს, მასაც მოუწია დროებით მიმალვაში ყოფნა, 9 თერმიდორის გადატრიალებამდე (1794 წლის 27 ივლისი).

მოგვიანებით, დე ლარეველერ-ლეპო მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მომზადებაში, 1795 წლის ივლისში იგი გახდა ანსამბლეის პრეზიდენტი, ცოტა ხნის შემდეგ კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წევრი. 1795 წლის ნოემბერში, დირექტორიის წევრების არჩევისას, მისი სახელი სიაში პირველი იყო ამიტომ იგი დირექტორიის პრეზიდენტადაც დაინიშნა.

დირექტორიის სხვა წევრებთან მიმართებაში, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟან ფრანსუა რებელთან და პოლ ბარასთან, მაგრამ კონკურენტად თვლიდა ლაზარ კარნოს.

1799 წლის 18 ივნისს მან დატოვა დირექტორის თანამდებობა, ამის შემდეგ მონაწილეობას აღარ იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება