ლორანდ ეტვეში
ლორანდ ეტვეში (უნგრ. Loránd Eötvös; დ. 27 ივლისი, 1848, ბუდაპეშტი — გ. 8 აპრილი, 1919) — უნგრელი ფიზიკოსი.
ლორანდ ეტვეში | |
---|---|
უნგრ. Eötvös Loránd | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი, 1848[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ბუდა |
გარდ. თარიღი | 8 აპრილი, 1919[1] [2] [3] [4] [7] [5] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ბუდაპეშტი |
დასაფლავებულია | კერეპეში |
მოქალაქეობა | უნგრეთი |
საქმიანობა | ფიზიკოსი, მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო მუშაკი, პოლიტიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
მამა | József Eötvös |
შვილ(ებ)ი | Ilona von Eötvös და Rolanda von Eötvös |
ბიოგრაფია
რედაქტირებაუნგრელი ფიზიკოსი ლორანდ ეტვეში დაიბადა 1848 წლის 27 ივლისს ქალაქ ბედაპეშტში, ცნობილი უნგრელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი. ეტვეშის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი ეწყობა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში და იწყებს ქიმიის შესწავლას; შემდეგ მიემგზავრება გერმანიაში და სწავლას აგრძელებს კენისგსბერგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. უცხოეთში ეტვეში პირადად ეცნობა გერმანელ ფიზიკოსებს. ჰელმჰოლცის გავლენით მასში იღვიძებს განსაკუთრებული ინტერესი ფიზიკისადმი.
საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ეტვეში მუშაობას იწყებს ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. 1872 წელს მას ირჩევენ ამავე უნივერსიტეტის პროფესორად. 1878 წელს ეტვეში სათავეში უდგება ბუდაპეშტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას, სადაც წარმატებით განახორციელა თავისი შესანიშნავი ცდები. 1873 წელს მას ირჩევენ ენგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 10 წლის შემდეგ - ნამდვილ წევრად.
1889 წელს ეტვეში აირჩიეს უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 1900 წელს ფიზიკოსთა პარიზის საერთაშორისო კონგრესზე უნგრეთის აკადემია მისი მეთაურობით იყო წარმოდგენილი. 1894-1895 წლებში ეტვეში უნგრეთის განათლების მინისტრის პოსტზეა და ერთდროულად რედაქტორობს ჟურნალ „ბუნებისმეტყველების მოამბეს“. 1919 წლის 21 მარტს უნგრეთის მუშათა კლასმა ძალაუფლება ხელთ იგდო, გამოაცხადა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა. დიდი მეცნიერი ამ დროს ლოგინში იყო მიჯაჭვული, მაგრამ მაინც დიდი სიხარულით შეეგება რევოლუციას.
ლორანდ ეტვეშის შრომები
რედაქტირებათავისი პირველი გამოკვლევა ეტვეშმა კაპილარული მოვლენების შესწავლას მიუძღვნა. მან 1868 წელს ჩმოაყალიბა კანონი, რომელშიც გამოხატული იყო კავშირი ტემპერატურასა და სითხის ზედაპირული დაჭიმულობის ცვლილებას შორის. მან პირველმა შემოიტანა ფიზიკაში ცნება სითხის მოლეკულური ზედაპირული დაჭიმულობის ენერგიის შესახებ. მისი კანონი სწორედ ამ ენერგიისა და ტემპერატურის ურთიერთდამოკიდებულებას გვიჩვენებს.
ეტვეშს ეკუთვნის კლასიკური გამოკვლევები გრავიტაციის საკითხებში. ექსპერიმენტატორის გამჭტიახ ალღოსთან ერთად მას შესწევდა თავისი შედეგების საინტერესო ხერხებით ინტერპრეტაციის უნარი.მისი უდიდესი აღმოჩენა - „გრავიტაციული ვარიომეტრი“ - შეიქმნა სწორედ იმის შედეგად, რომ იგი თავის თეორიულ მოსაზრებებს ორიგინალური და დამაჯერებელი ცდებით ადასტურებდა. საინტერესოა მისი ერთ-ერთი ლექცია ფიზიკაში: მას უნდოდა მსმენელთათვის ისე აეხსნა სიმძიმის ძალა, რომ თვალსაჩინო გაეხადა ეს ფიზიკური მოვლენა, დაემტკიცებია, რომ სხეულები იზიდავენ ერთმანეთს. ეტვეშმა ამ პრობლემის გადაჭრა შეძლო კულონის ცნობილი სასწორის საშუალებით. მან კულონის სასწორი, რომელიც წვრილ, დრეკად ძაფზე დაკიდულ ჰორიზონტულ საქანისებრ თუნუქის ღეროს წარმოადგენს, მოათავსა მრგვალ ჭურჭელზე. ჭურჭელი შედგებოდა კვადრატებად დაყოფილი ოთხი ცილინდრული ნაწილისაგან, რომლებშიც რიგრიგობით ასხამდნენ ვერცხლისწყალს. როდესაც ვერცხლისწყალი ერთი ცილინდრული ნაწილიდან მოპირდაპირე ნაწილში გადაიღვრებოდა, საქანისებრი ღერო გადაიწეოდა და ამრიგად თვალსაჩინო გახდა მასის მიზიდვა. მისმა ხელსაწყომ - ვარიომეტრმა - მსოფლიო აღიარება ჰპოვა და მას დღესაც იყენებენ. ეტვეში გრავიტაციული ვარიომეტრის საშუალებით შესაძლებელია არა მარტო სიმძიმის ძალის მიმართ ნორმალური ზედაპირული დონეების განსაზღვრა, არამედ სიმძიმის ძალის უმცირესი ცვლილებების გაზომვაც კი.
ექსპერიმენტულ ფიზიკაში ეტვეშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრომა იყო მსოფლიო მიზიდულობის კანონის ძირითადად დებულების დადასტურება. ეტვეშის აღმოჩენები მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს ფიზიკაში. ერთ-ერთ თავის მოხსენებაში აინშტაინი იხსენებს ეტვეშს, როგორც თავისი დროის უდიდეს ფიზიკოსს, „რომლის შრომებმა დახმარება გაუწია ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებას“.
ლორანდ ეტვეში გარდაიცვალა 1919 წელს 8 აპრილს. ეტვეშის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო უნგრეთის ხალხისათვის. ამჟამად ლორანდ ეტვეშის სახელს ატარებს უნგრეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული დაწესებულებები: ბუდაპეშტის უნივერსიტეტი, გეოფიზიკური ინსტიტუტი და ფიზიკური საზოგადოება.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 305-309
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.