ლობანი
ლობანი (Mugil cephalus Linnaeus, 1829) — თევზი კეფალისნაირთა ოჯახიდან (Mugilidae Bonaparte, 1831). სიგრძე – 75 სმ, მასა – 12 კგ-მდე. ზღვის ქარავნული თევზია, კარგად იტანს წყლის მარილიანობის მერყეობას. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. ქვირითი პელაგიურია, ნაყოფიერება – 2–8 მლნ. სწრაფად მზარდია. სხვა კეფალისებრი თევზების სახეობებთან შედარებით ცოცხლობს 16 წელზე მეტ ხანს. ხშირად შედის მტკნარ წყლებში, ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროების ტბებში, ყურეებში, ტბორებში. ლიფსიტა იკვებება დეტრიტით და პლანქტონით, ხოლო მოზრდილი კეფალი – შლამსა და ქვა-ქვიშაზე წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, წვრილი მოლუსკებით. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროსთან გავრცელებულია ყველგან. შედის მდინარეების შესართავებში, გვხვდება ასევე პალიასტომისა და ნურის ტბებში. სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. ბუნების დაცვის კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).