ლისის ჯვარი
ლისის ჯვარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისაში. აგებულია X საუკუნეში. ძეგლი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, მდ. ოჟორას ხეობაში.
ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავზე მოთავსებულია ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა:
„ნებითა ღმრთისაათა მე, ფებრონია უთალოისა ასულმან აღვაშენე წმიდა ესე ეკლესია ვაკურთხე საფარველად ძმისა ჩემისა აბულეთი(სა). სმნო...თურქეთის ამარტუიდონეს.“
|
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრების საშუალებით. პილასტრებს ნახევარცლინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა. დასავლეთით ოდნავ შეისრული ფორმის თაღი კუთხის პილასტრს ებჯინება.
ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. შიდა სივრცე ნათდება აღმოსავლეთი სარკმლით. სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი — გარედან არქიტრავულია. ეკლესიის ფასადები სადაა. აქცენტირებულია მხოლოდ არქიტრავის ქვა, რომელზეც წარწერაა ამოკვეთილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებს მრავალ ადგილას საპირე ქვა შემოცლილი აქვს.
დასავლეთ კედელს სწორკუთხა კოშკი ემიჯნება. იგი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი შიგნიდან თაღოვანი — გარეთ არქიტრავულია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ორი თაღოვანი ნიში და ერთი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმელთან მოწყობილია პირველ სართულში ჩასასვლელი ოთხკუთხა ხვრელი. აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი, სამხრეთში ერთი თაღოვანი და ერთიც სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია მეორე და მესამე სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. იატაკი ამოვსებულია მიწით. კოშკში ამოსულია მცენარეები. ძეგლი დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
- შოშიაშვილი ნ., შიდა ქართლის ეკლესიების წარწერები, წიგნში: "ლაპიდარული წარწერები I", თბილისი, "მეცნიერება", გვ. 190.
- Меписашвили Р. Цинцадзе В. "Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли", Тбилиси, "Мецниереба", 1957, с. 125.