ლისის ცხრაკარას ეკლესია

ლისის ცხრაკარას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისაში. აგებულია მეცამეტე საუკუნეში.

შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილ სამყურა ფოთლებზე ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„წმინდაო ღვთისმშობელო მეოხ ექმენ სიაოშს, ალექსანდრეს ძესა. წარწერა ტიმპანის ქვედა არეზე იკითხება: "ადიდნეს ღმერთმან ამის უდაბნოსა პატრონნი შნია(?) ყოველნი (?) თინათინი, ფალდონი, და ძენი მათნი“

ეკლესია მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, მდ. ოჟორას ხეობაში. ცხრაკარას ეკლესიას ამჟამად მონასტერს უწოდებენ. მის ნანგრევებს იმდენად აქვთ მოდებული სურო და ეკალ-ბარდები, რომ სპეციალური გაწმენდის გარეშე ჭირს მისი გეგმის დადგენა და განსაკუთრებით თავდაპირველი სახის გარჩევა შემდგომი ფენებისაგან. დასაშვებია, რომ ოთხი მასიური სვეტი მასზე გადაყვანილი თაღებით გამოყოფდნენ შუა, ფართო და მაღალ ნავს გაცილებით ვიწრო და დაბალი გვერდითი ნავებისაგან. თაღები აშკარად გვიანდელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავდაპირველად ძეგლი სამნავიანი ბაზილიკა იყო, შემდეგ გადაკეთდა გუმბათიან ეკლესიად, რომელმაც, თავის მხრივ, მრავალი შეკეთება განიცადა.

ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. შესასვლელები ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონდა. სამხრეთის შესასვლელთან დევს ტიმპანის ქვა, რომელსაც ორმაგი ლილვი შემოუყვება. ტიმპანის ცენტრში წრეში ჩასმული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვრის მკლავებს შორის ამოკვეთილია როზეტები და სამყურა ფოთლები. ტიმპანის ორივე გვერდზე ნაძვების გამოსახულებაა, რომლებიც სამკუთხედებშია ჩასმული. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელი აქვს. მასში თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. ძეგლი დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
  • Меписашвили Р. Цинцадзе В. В кн. „Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли“, Тбилиси, „Мецниереба“, 1957, с. 125.
  • Ожорский монастырь В кн. „Записки общества любителей кавказской археологии“, кн. 1, Тифлис, 1875, стр. 117.