ლინგვისტური დეტერმინიზმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლინგვისტური დეტერმინიზმი (ინგლ. Linguistic — „ენობრივი“, Determinism - „განპირობებულობა“) — იდეა, რომლის მიხედვითაც ენას შეუძლია განაპირობოს აზროვნება, შეხედულებები და გარესამყაროს აღქმა. ეს ნიშნავს, რომ ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის მშობლიური ენის თავისებურებები, სტრუქტურა, გრამატიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესებზე.

ლინგვისტური დეტერმინიზმის თეორიის ჩამოყალიბება უკავშირდება ამერიკელი ლინგვისტის და ინჟინერის, ბენჟამინ ლი უორფის (24 აპრილი, 1897 – 26 ივლისი, 1941) სახელს. მისი დაკვირვებები არის ერთგვარი გაგრძელება ლინგვისტური რელატივიზმის თეორიისა, რომელიც „საპირ-უორფის თეორიის“ სახელითაა ცნობილი. რელატივიზმის თეორიის მიხედვით, ადამიანის მიერ გარესამყაროს აღქმაზე გავლენას ახდენს მისი სალაპარაკო (მშობლიური) ენის სტრუქტურა.

თამაზ გამყრელიძის (23 ოქტომბერი, 1929) მოკლე განმარტების მიხედვით, ლინგვისტური დეტერმინიზმი ნიშნავს, რომ ენას შეუძლია განაპირობოს აზროვნება, ხოლო ლინგვისტური რელატივიზმის თეორია ამ განპირობებულობას იმ კონკრეტულ ენას უკავშირებს, რომელზეც პიროვნება მეტყველებს.

მიმოხილვა

რედაქტირება

ლინგვისტური დეტერმინიზმი ლინგვისტური რელატივიზმის უფრო „ძლიერი“, რადიკალური ფორმაა. ამ ფორმებს შორის განსხვავება შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • ნაკლებ რადიკალური ვერსიის მიხედვით (ლინგვისტური რელატივიზმი), ენობრივი კატეგორიები და მათი გამოყენება გამოყენება გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებასა და გადაწყვეტილებებზე.
  • რადიკალური ვერსიის მიხედვით (ლინგვისტური დეტერმინიზმი), ენა განსაზღვრავს აზროვნებას და კოგნიტური კატეგორიები შეზღუდული და განპირობებულია ენობრივი კატეგორიებით.

ამ შეხედულებათაგან უფრო გავრცელებულია ე.წ. „სუსტი“ ვერსია, რომლის მიხედვითაც ენა მხოლოდ გავლენას ახდენს — განაწყობს ადამიანს აზროვნების და ქცევის გარკვეული ტიპისადმი.

თამაზ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ენა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლითაც ადამიანი კავშირს ამყარებს გარემოსთან. სწორედ ენის საშუალებით გადაიცემა ადამიანთა საზოგადოებაში ქცევის უდიდესი ნაწილი. ადამიანზე მნიშვნელოვანწილად მოქმედებს ის ენა, რომელიც კონკრეტულ საზოგადოებაში აზრთა გაცვლის, კომუნიკაციის საშუალებაა. რეალური სამყაროს აღქმა აიგება ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე. აქედან გამომდინარეობს ვარაუდი, რომ სხვადასხვა ენა განსხვავებულ გავლენას ახდენს ადამიანთა აზროვნებასა და აღქმაზე.

საპირ-უორფის თეორია

რედაქტირება

უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში „საპირ-უორფის თეორია“ არ წარმოადგენს ედუარდ საპირის (26 იანვარი, 1884 – 4 თებერვალი, 1939) და ბენჟამინ ლი უორფის ერთობლივი შრომის შედეგს. მართალია საპირი უორფის მასწავლებლი იყო და ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ მსგავსი პუბლიკაცია მათ ერთად არასდროს გამოუქვეყნებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ლინგვისტური რელატივიზმის თეორია მანამდეც იყო განხილვის საგანი, საპირის და უორფის ფორმულირებულმა იდეამ განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა. შესაბამისად, თეორია მათ სახელებს უკავშირდება. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა ლინგვისტური დეტერმინიზმის იდეას მისი კატეგორიულობის გამო.

თანამედროვე მოსაზრებების მსგავსი ფორმულირებები განმანათლებლობის პერიოდიდან იღებს სათავეს (დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში). მოგვიანებით, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტისა (22 ივნისი, 1767 – 8 აპრილი, 1835) და ფერდინანდ დე სოსიურის (26 ნოემბერი, 1857 – 22 თებერვალი, 1913) შრომებმა, ერთგვარად, საფუძველი მოამზადა საპირ-უორფის თეორიისთვის.

საპირის და უორფის დაინტერესებას ადგილობრივი (ჩრდილოეთ) ამერიკული ენებით მოჰყვა კვლევებისა და ემპირიულ მასალაზე დაკვირვებების სერია. ისინი ანთროპოლოგებიც იყვნენ და კონცენტრირებული იყვნენ არა ფორმალურ გრამატიკულ პროცესებზე, არამედ მნიშვნელობათა სტრუქტურაზე ამ ეგზოტიკურ ენებში. დაკვირვების შედეგად, უორფმა ჩამოაყალიბა კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ ახდენს ენა გავლენას აზროვნებაზე. მისი განმარტებით, ნებისმიერ ენაში, მის ფორმალურ კატეგორიებში, თავმოყრილია უსასრულო რაოდენობის ცხოვრებისეული გამოცდილებები, რომლებიც დახარისხებულია ანალოგიის პრინციპით, რათა ვისაუბროთ და გადავცეთ ინფორმაცია. ენაში კატეგორიები ერთიან სისტემას ქმნის, კლასიფიკაცია კი სხვადასხვა ენაში განსხვავებულად ხდება. შესაბამისად, სხვადასხვა ენა მოსაუბრეს განსხვავებულ კატეგორიათა სისტემას სთავაზობს. უორფის მოსაზრებით, აზროვნების მოქცევას კონკრეტული ენის სტრუქტურის ჩარჩოში შეუძლია გავლენა იქონიოს კულტურაზე, ფილოსოფიასა და სამეცნიერო აქტივობებზე.

„მართლაც, აზროვნება საოცრად მისტიური რამაა, და ენის კვლევა ყველაზე ძლიერი საშუალებაა მის შესასწავლად. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის აზრები ემორჩილება მკაცრ წესებს, რომლებსაც ვერც ვაცნობიერებთ.“[1]

უორფის აზრით, ეს წესები (აზროვნების პატერნები) ყველა ენაში განსხვავებულია, განსაკუთრებით, თუ შევადარებთ ენებს, რომლებიც სხვადასხვა ენათა ოჯახს ეკუთვნის. სხვადასხვა კულტურის შემთხვევაში ამ „წესების“ სისტემა, ენობრივი ფორმები და კატეგორიები განსხვავებულია. ადამიანები არა მხოლოდ საკომუნიკაციოდ იყენებენ მათ, არამედ აღიქვამენ გარესამყაროს და წარმართავენ მსჯელობას მათი საშუალებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ძნელია ლინგვისტური და არალინგვისტური ფაქტორების გამიჯვნა, ლინგვისტური დეტერმინიზმის იდეის ემპირიულად შემოწმება კვლავ დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, წლების მანძილზე ლინგვისტური რელატივიზმის ეს რადიკალური ფორმა მრავალჯერ გამხდარა კრიტიკის საგანი.

პოლ ბლუმი (24 დეკემბერი, 1963) სკეპტიკურად უყურებს საკითხს და თვლის, რომ ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალების ფუნქციას ასრულებს. ენის როლს ის მხოლოდ ინფორმაციის გაცვლაში ხედავს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებთ, მიმდინარე კოგნიტური პროცესები, მისი აზრით, სრულიად არალინგვისტური ხასიათისაა.

კრიტიკოსთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ ერიკ ლენენბერგი (19 სექტემბერი, 1921 – 31 მაისი, 1975) და როჯერ ბრაუნი (14 აპრილი, 1925 – 11 დეკემბერი, 1997). უორფი, კოგნიტურ განსხვავებებზე მსჯელობისას, ორი სახის მაგალითს იშველიებს: ლექსიკურ და სტრუქტურულ განსხვავებებს. ლენენბერგი და ბრაუნი, მაგალითისთვის განიხილავენ სიტყვებს, რომლითაც ესკიმოსები სხვადასხვაგვარ თოვლს გამოხატავენ. მათი თქმით, ის, რომ ინგლისურში თოვლის შესატყვისი მხოლოდ ერთი სიტყვაა („Snow“) სულაც არ ნიშნავს, რომ ინგლისელები ვერ ამჩნევენ განსხვავებას თოვლის ნაირსახეობებს შორის.

კიდევ ერთი კრიტიკოსი, ენათმეცნიერი სტივენ პინკერი (18 სექტემბერი, 1954) ლინგვისტურ დეტერმინიზმს აბსურდად მიიჩნევს. ლენენბერგის და ბრაუნის კვალად, ის აკრიტიკებს უორფს, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ზედმეტად ენდობა ენობრივ მონაცემებს და ენისა და აზროვნების კავშირის შესახებ დასკვნები ისე გამოაქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sapir, Edward. 1929. The status of linguistics as a science. Linguistic Society of America, no. 4: 207–214.
  • Carroll, John B. 1956. Language, thought and reality: selected writings of Benjamin Lee Whorf. Massachusetts: The M.I.T. Press.
  • გამყრელიძე თამაზ, კიკნაძე ზაზა, შადური ინგა, შენგელაია ნანა. 2008. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • Lucy, J.A., 2001. Sapir–Whorf Hypothesis. International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences: 13486-13490.
  • De Cruz, Helen. 2009. „Is linguistic determinism an empirically testable hypothesis?“, Logique Et Analyse, Nouvelle Série, 52, no. 208: 327-41.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Benjamin Lee Whorf (Language, mind, and reality)