ლეშკაშის ციხე
ლეშკაშის ციხე — გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ. ციხიაღელის (მდ. ლაჯანურის მარცხ. შენაკადი) შუა წელზე, ნასოფლარის ტერიტორიაზე.
ციხე შედგება 4-სართულიანი კოშკისა (7,4მ X 7მ) და გრძელი გალავნისაგან, რომელიც დიდ ტერიტორიას შემოსაზღვრავს. კოშკი ნაშენია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. კარი მე-2 სართულის დონეზეა. ამავე სართულის კედლებში სათვალთვალო ღიობები და შეისრულთაღოვანი ნიშაა მოწყობილი. ხის სართულშუა გადახურვა ამჟამად ჩაქცეულია. სავარაუდოდ, მხოლოდ პირველ სართულს ჰქონდა ქვის ორკალთიანი გადახურვა. გალავანი კოშკის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კუთხეებს ებჯინება. ციხის ეზოში სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები შეინიშნება, მიწაში რამდენიმე ქვევრია. ჩანს, ლეშკაშის ციხეს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა, მას იხსენიებენ რუსი ელჩები ნ. ტოლოჩანოვი, ა. იევლევი (1650-1652) და ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსი იევლევის 1650–52 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, რუსული ტექსტი ქართ. თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ი. ცინცაძემ, თბ., 1969;
- ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983;
- გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1–2, თბ., 1962–64;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეშკაშის ციხე დაარქივებული 2023-12-11 საიტზე Wayback Machine.