ლევან თუმანიშვილი
ლევან თუმანიშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1881 — გ. 27 ივლისი, 1948) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან (ლეო) თუმანიშვილი (თუმანოვი) რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრების ოჯახიდან იყო. გენერალ-ლეიტენანტები იყვნენ მისი მამა კონსტანტინე და პაპა ალექსანდრე თუმანიშვილები, ბიძა — გიორგი თუმანიშვილი კი კავალერიის გენერალი გახლდათ. ლევან თუმანიშვილი დაიბადა 1881 წლის 4 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში. დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში. 1902 წელს დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. 1909 წლის 1 იანვრისთვის შედგენილი რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერთა საერთო სიიდან ვიგებთ, რომ ლევან თუმანიშვილი პორუჩიკის წოდებით მსახურობდა 37-ე საარტილერიო ბრიგადაში ნოვგოროდის გუბერნიაში; 1913-1915 წლებში მას ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება და დასავლეთის ფრონტის 22-ე საარტილერიო დივიზიის მე-2 ბატარეას ხელმძღვანელობდა; 1916 წლიდან კი, უკვე, პოლკოვნიკია და უკავია დივიზიონის მეთაურის მოადგილის თანამდებობა. 1917 წლიდან ლევან თუმანიშვილი ატარებდა გენერალ-მაიორის წოდებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1920 წლის 9 ივლისს მას მიანიჭეს რუსული თეთრი არმიის გენერალ-მაიორის ჩინი. ამავე წელს, ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, 1928 წლიდან კი გადავიდა აშშ-ში, კემბრიჯში. ემიგრაციაში ის იყო ოფიცერ-არტილერისტთა და ყოფილი რუსი საზღვაო ოფიცრების საზოგადოებების წევრი. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ლევან თუმანიშვილი დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენითა და წმ. გიორგის იარაღით. ლევან თუმანიშვილი გარდაიცვალა 1948 წლის 27 ივლისს, კემბრიჯში. მისი ვაჟი, კირილ თუმანოვი იყო ცნობილი ამერიკელი მეცნიერი. ის ავტორია დასავლეთში აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, თბ.. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 123.