ლევან ვასაძე
ლევან შიოს ძე ვასაძე (დ. 20 დეკემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი.
ადრეულ წლებში ვასაძე იყო აქტიური სპორტსმენი. თამაშობდა თბილისის სარაგბო გუნდ „ლოკომოტივში” (1988–1992). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1992), ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რობერტო გოიზუეტას სახელობის ბიზნესსკოლა (1995). სხვადასხვა დროს (1990–2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის ჯორჯტაუნის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში. მუშაობდა ბიზნესის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებში (1990–1991, 1993–95), რუსეთში (1995–2007), დიდი ბრიტანეთში (2008–2009). 2009 წელს დაბრუნდა საქართველოში.
ვასაძე რუსეთში იყო სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. საქართველოში არის რამდენიმე კომპანიის, მ. შ. შპს „ბაგრატიონი 1882-ის” (2006 წლიდან) და შპს „სამოსელი პირველის” (2009 წლიდან) დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე, კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის” დამაარსებელი და მმართველობის წევრი (2009 წლიდან), საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2013 წლიდან), ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიების „ქართული მეჯლისის” დამფუძნებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი (2011 წლიდან).
2009 წლიდან ვასაძე აქვეყნებს პუბლიცისტურ სტატიებსა და ესეებს, რომელთა ძირითადი გზავნილი ულტრაკონსერვატული, ქრისტიანულ-მისტიკური და მესიანისტურია. 2019 წელს აქტიურად ჩაერთო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სცადა თავის გარშემო უკიდურესად მემარჯვენე დაჯგუფებების კონსოლიდირება, სათავეში ჩაუდგა კამპანიას სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. ამ მიზნით 2021 წლის მაისში დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია „ე.რ.ი.“, რომლის იდეოლოგია ნააციონალურ კონსერვატიზმს და ევროსკეპტიციზმს ეფუძნება. ურთიერთობა ჰქონდა რუს ფილოსოფოსთან, ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელთან და ულტრანაციონალისტ იდეოლოგთან ალექსანდრე დუგინთან.[1] მალევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით ვასაძე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა.[2][3][4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 193.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დუგინის რეკლამა - ვასაძეს რუსეთი "ყურადღებით უნდა დააკვირდეს". რადიო თავისუფლება. მაისი 27, 2021.
- ↑ ლევან ვასაძემ პოლიტიკური პარტია "ერი" დააარსა
- ↑ ლევან ვასაძე ვარაუდობს, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება შესაძლოა, „გარე ზემოქმედების შედეგი“ იყოს
- ↑ ლევან ვასაძე ივანიშვილის წინააღმდეგ - რაინდად წოდებულმა ბიზნესმენმა დუმილი ოლიგარქზე იერიშით დაარღვია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-19. ციტირების თარიღი: 2024-02-19.