ლახტაობა — ქართული ხალხური თამაში. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი თავმდამსხმელებისაგან შედგება, მეორე — თავდამცველებისაგან, რომლებიც იცავენ ლახტებს და საკუთარ თავს. დამცველები მიწაზე შემოხაზულ დიდ წრეში რადიალურად დგებიან და ფეხებს შუა ლახტებს იწყობენ ბალთით წრის ხაზთან. თავდამსხმელები წრეს გარშემო ურბენენ და სხვადასხვა ფანდით ცდილობენ ლახტების მოტაცებას, როდესაც თავდამსმხმელები წრიდან ყველა ლახტს გამოიტანენ, იწყება წრეში მყოფთა „შეხურება“, ანუ ფეხზე ლახტით ცემა, დამცველები ერთმანეთს ზურგით ამოუდგებიან და ცდილობენ წრიდან გამოუსვლელად თავდამსხმელები „ჩაჭრან“, ე. ი. ცალი ფეხი ფეხზე მოარტყან. დამცველთა წარმატების შემთხვევაში „ჩაჭრილები“ წაგებულად ითვლებიან. გუნდები ადგილებს იცვლიან და თამაშს თავიდან იწყებენ. ცნობილია ლახტაობის სხვა ვარიანტებიც. ლახტაობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო ძველ საქართველოში, იგი მიზნად სიმამაცის და ვაჟკაცური თვისებების გამომუშავებას ისახავდა ახალგაზრდობაში. ამ თამაშში თავისებურად უნდა იყოს ასახული სიმაგრეთა დაცვის სიმბოლიკა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1921;
  • შერაზადიშვილი ზ., ლახტი ქართული ხალხური თამაშობანი, თბ., 1970;
  • Элашвили В. И., Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973;