ლაყუჩფეხიანები (ლათ. Anostraca) — უხერხემლო ცხოველების რიგი კიბოსნაირთა კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 5 მმ - 3 სმ, ზოგჯერ 10 სმ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნახევრადგამჭვირვალე სხეული, რომელსაც ხშირად ნარინჯისფერი ელფერი დაკრავს. ლაყუჩფეხიანები ბინადრობენ გაზაფხულის თოვლისეულ გუბურებში. ცურვის დროს მუცლის მხარე ზემოთ აქვთ ამობრუნებული. ლაყუჩფეხიანების კვერცხები დაფარულია მკვრივი გარსით, რაც იცავს მათ გამოშრობისა და გაყინვისაგან. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ზოგი ლაყუჩფეხიანი პართენოგენეზურად მრავლდება.