ლატვიის პირველი ეროვნული გამოღვიძება

ლატვიის პირველი ეროვნული გამოღვიძება ან პირველი გამოღვიძება (ლატვ. Pirmā atmoda) — 1850–1880 წლებში, განათლებულ ლატვიელებში დაწყებული ეროვნული და კულტურული აღორძინება. ახალგაზრდა ლატვიელები (jaunlatvieši) წინააღმდეგობას უწევდნენ ბალტიელ გერმანელებს ლივონიისა და კურლანდიის გუბერნიებში. მათი ძალისხმევა მიმართული იყო ლატვიელებისთვის განათლების მიცემაში, გერმანელების კრიტიკაში და ლატვიური ენისა და კულტურისთვის სტიგმის მოხსნაში.

კრიშიანის ვალდემარსი

მოძრაობა 1850 წელს ტარტუს უნივერსიტეტში დაიწყო, რომელიც ლივონიის უმაღლესი განათლების ცენტრი იყო და სადაც 30 ლატვიელი სწავლობდა. სტუდენტმა კრიშიანის ვალდემარსმა საერთო საცხოვრებლის საკუთარი ოთახის კედელზე გამოაკრა მანიფესტი სადაც ის საკუთარ თავს ლატვიელად აცხადებდა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. მალე მის ირგვლივ 10-13 სტუდენტი შეიკრა. ისინი აწყობდნენ „ლატვიური საღამოების“ ორგანიზებას, სადაც ისინი გერმანელების მიერ დაპყრობილი ლატვიელების მდგომარეობას განიხილავდნენ. კრიშიანისი და იურის ალუნანსი მალე ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.[1] მათ დააფუძნეს გაზეთები Mājas Viesis და Pēterburgas Avīzes. მოძრაობას თავიდან რუსეთი უჭერდა მხარს, რომელიც მათ გერმანელების საწინააღმდეგო საშუალებად განიხილავდა.

1868 წელს მატ დაიწყეს ლატვიური ხალხური სიმღერების - დაინების შეგროვება. ეს საქმიანობა გააგრძელა კრიშიანის ბარონსმა და 1894 წელს გამოსცა დაინების პირველი კრებული. ის ცნობილი გახდა როგორც - Dainutēvs (დაინების მამა).

კიდევ ერთი აქტივისტი იყო მასწავლებელი ატის კრონვალდსი რომელმაც XIII საუკუნის ლივონიის რითმულ ქრონიკებში აღმოაჩინა თეთრ-წითელი დროშა., რომელიც შემდეგ ლატვიის დროშა გახდა. მან მოახდინა ლატვიური ენის მოდერნიზაცია და დაუმატა მასში მრავალი ახალი სიტყვა.

1868 წელს ადოლფს ალუნანსმა ჩამოაყალიბა პირველი ლატვიური თეატრი და ამ პერიოდიდან იღებს ლტვიური თეატრალური სცენარების წერის ისტორია სათავეს. 1873 რიგაში ჩატარდა პირველი ლატვიური სიმღერის ფესტივალი. ფესტივალზე უმეტესად შერულდა ხალხური სიმღერები, თუმცა კარლის ბაუმანისის მიერ დაწერილი ახალი სიმღერა შემდგომ ლატვიის ჰიმნი გახდა. ჰიმნის თავდაპირველი სახელი იყო "ღმერთო დალოცე ლატვია!", თუმცა რუსეთის ცენზურის გამო "ღმერთო დალოცე ბალტიკები!"-თი შეიცვალა.

1888 წელს, ანდრეის პუმპურსის მიერ დაწერილი ეროვნული ეპოსი ლაჩპლესისი (Lāčplēsis) პირველად გამოიცა.

პირველი გამოღვიძების მოძრაობას მოყვა ახალი ტალღის/ენერგიის (Jaunā strāva) მოძრაობა, რომელიც უფრო პოლიტიკური იყო და წინ უძღოდა სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებას.

  1. Letonika.lv. Enciklopēdijas - Latvijas vēstures enciklopēdija. Latvija 19. gadsimtā. letonika.lv. ციტირების თარიღი: 2016-04-03.