ლასას ცხელება — მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადება[1]. ენდემურია დასავლეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში: ბენინი, განა, გვინეა, ლიბერია, მალი, სიერა ლეონე, ნიგერია. სავარაუდოა ვირუსის არსებობა დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც.

ლასას ვირუსი პირველად აღწერეს 1969 წელს. იგი წარმოადგენს ერთჯაჭვიან რნმ ვირუსს, რომელიც მიეკუთვნება არენავირიდას ოჯახს (გვარი: Mammarenavirus). ვირუსის სახელი გამომდინარეობს ნიგერიის ერთი ქალაქის სახელიდან, სადაც აღინიშნა დაავადების პირველი შემთხვევები. ლასას ვირუსის ბუნებრივი რეზერვი არის პოლიმასტიური ვირთხა (Mastomys natalensis), ეს მღრღნელი ხშირად გვხვდება ტროპიკული აფრიკის სოფლებში. იგი ხშირად ქმნის კოლონიებს ადამიანების დასახლებებში ან სახლების გარშემო, სადაც ინახება საკვები. მღრღნელიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა ხდება ადამიანის ორგანიზმში დაინფიცირებული მღრღნელის შარდის ან ფეკალიების პერორალურად მოხვედრით, დაინფიცირებული მღრღნელის გატყავება-დამუშავებისას ან საკვებად მიღებისას ან დაინფიცირებული მღრღნელის ექსკრეტებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვისას. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე უფრო იშვიათად გადადის, ვიდრე მღრღნელიდან ადამიანზე.

 
ლასას ცხელების ბუნებრივი რეზერვუარი, პოლიმასტიური ვირთხა

სიმპტომები

რედაქტირება

დაავადები ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-17 დღე. პროდრომული სიმპტომები არ აღინიშნება. დაავადება იწყება თანდათანობით. ყოველდღიურად მატულობს ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები. პირველ დღეებში ავადმყოფები აღნიშნავენ საერთო სისუსტეს, დამტვრეულობას, ზოგად სისუსტეს, კუნთებისა და თავის ტკივილს. სხეულის ტემპერატურა მატულობს და 3-5 დღის შემდეგ აღწევს 39-40 გრადუსს[2]. ცხელება შესაძლებელია გაგრძელდეს 2-3 კვირა. მატულობს ინტოქსიკაციის სიპტომები (ასთენიზაცია, კუნთების ტკივილი, ცნობიერების დარღვევა). სახე და კისერი ჰიპერემიულია, ზოგჯერ პასტოზური, აღინიშნება სკლერის სისხლძარღვების ინექცია[1].

ავადმყოფთა უმრავლესობას ნუშურების რკალებზე და რბილ სასაზე უვითარდება ნეკროზულ-წყლულოვანი კერები, რომლებიც გარშემორტყმულია მკაფიო ჰიპერემიის ზონით. მათი რიცხვი შემდეგში მატულობს, ისინი შესაძლებელია შეერთდნენ. დაავადების მე-5 დღეზე შესაძლებელია წარმოიქმნას ტკივილი ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, დეფეკაცია უხვი, თხიერი, წყლიანი განავალით; ზოგჯერ ვითარდება გაუწყლოვნება.

დაავადების მძიმე ფორმის დროს მეორე კვირაზე მკვეთრად ძლიერდება ინტოქსიკაციის სიმპტომები, რასაც თან ერთვის პნევმონია, ფილტვების შეშუპება, მიოკარდიტი, სახისა და კისრის შეშუპება, ჰემორაგიული სინდრომი. ამ პერიოდში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. ადრე ვლინდება გენერალიზებული ლიმფადენოპათია; პირველი კვირის ბოლოს წარმოიქმნება ეგზანთემა. კლინიკურად და რენტგენოლოგიურად ვლინდება პნევმონია, არაიშვიათად პლევრული გამონაჟონი. აღინიშნება ტკივილი ფერდქვეშა არეში, უხვი წყლიანი განავალი; ღვიძლის გადიდებულია. ზოგჯერ ვითარდება ასციტი. სისხლში – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მატულობს ამინოტრანსფერაზების აქტივობა.

ლასას ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება, მეხუთედში კი ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ელენთას, თირკმელებს და დაავდება მიმდინარეობს მძიმედ[3]. გამოსავალი ლეტალურია დაავადებულთა 1%-ში და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 15%-ში. დროულად დაწყებული რეჰიდრატაცია და სიმპტომატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს[4].

 
საგანმანათლებლო მასალა ლასას ცხელებაზე

ლასას ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული ერთ-ერთი ვირუსია, რომლის ეპიდემიის საშიშროება შესაძლოა მომავალში დადგეს. ამიტომაც ისინი დღისწესრიგში აყენებენ მის დიაგნოსტირებას, ვაქცინებისა და მედიკამენტების შემუშავებას მის საწინააღმდეგოდ[5][6][7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Lassa fever (March 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2016. ციტირების თარიღი: 2 November 2016.
  2. Centers for Disease Control and Prevention, "Lassa Fever" დაარქივებული 23 September 2016 საიტზე Wayback Machine.
  3. Goeijenbier, Marco; Wagenaar, Jiri; Goris, Marga; Martina, Byron; Henttonen, Heikki; Vaheri, Antti; Reusken, Chantal; Hartskeerl, Rudy; Osterhaus, Albert (2013-02-01). „Rodent-borne hemorrhagic fevers: under-recognized, widely spread and preventable – epidemiology, diagnostics and treatment“. Critical Reviews in Microbiology. 39 (1): 26–42. doi:10.3109/1040841X.2012.686481. ISSN 1040-841X. PMID 22670688.
  4. Ogbu O, Ajuluchukwu E, Uneke CJ (2007). „Lassa fever in West African sub-region: an overview“. Journal of Vector Borne Diseases. 44 (1): 1–11. PMID 17378212. ციტატა: „Lassa fever is endemic in West Africa.“
  5. Kieny, Marie-Paule. After Ebola, a Blueprint Emerges to Jump-Start R&D. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 13 December 2016.
  6. LIST OF PATHOGENS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 13 December 2016.
  7. SIGA Technologies says passes first hurdle with lassa fever... en (2007-05-15). ციტირების თარიღი: 2019-05-01