ლანსანა კონტე
ლანსანა კონტე (Lansana Conté, დ. 1934 — გ. 22 დეკემბერი, 2008, კონაკრი, გვინეა) — გვინეის პოლიტიკოსი, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი. გვინეის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1984 წლის 5 აპრილიდან 2008 წლის 22 დეკემბრამდე.
დაიბადა 1934 წელს სოფელ მუსაიაში, საფრანგეთის გვინეის პროვინცია დუბრეკში სუსუს ტომის ოჯახში. ყურანის შესწავლის შემდეგ დუბრეკის დაწყებით სკოლაში შევიდა. 14 წლის ასაკში კონკურსით სამხედრო-ტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა. შემდგომში სწავლობს ჯერ ბერჟერვილის (კოტ-დ’ივუარი) და შემდეგ სენ-ლუის (სენეგალი) სამხედრო სკოლებში. პირველი სამხედრო დიპლომი 1957 წელს მიიღო. 1955 წლის 1 ივლისს საფრანგეთის არმიაში ჩაირიცხა. იბრძოდა ალჟირში (1957 წლიდან) და სერჟანტის წოდება მიიღო. 1958 წელს გვინეის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის არმიიდან საკუთარი სურვილით დაითხოვეს და სამშობლოში დაბრუნდა.