ლავრენტი ბაბუნაშვილი
ლავრენტი კონსტანტინეს ძე ბაბუნაშვილი (დ. 1881, ქ. ქუთაისი — გ. 31 იანვარი, 1906, ქ. ბაქო, დასაფლავებულია ქ. ქუთაისში) — ქართველი ოფიცერი, პოდპორუჩიკი, რომელმაც ბაქოში 170 სომეხი სიკვდილისგან იხსნა.
ბიოგრაფია
რედაქტირებალავრენტი კონსტანტინეს ძე ბაბუნაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1881 წელს, მამა-კონსტანტინე ბაბუნაშვილი იყო გლეხი, მჭედელი, რომელიც ქუთაისში გადმოსახლდა და მჭედლობით ირჩენდა თავს. კონსტანტინეს ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. ლავრენტიმ ქუთაისის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გამოცდები რეალურ სასწავლებელში ჩააბარა და ამით უფლება მიიღო თბილისის ფეხოსანთა სამხედრო საიუნკერო სასწავლებელში შესულიყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ლავრენტი პოდპორუჩიკის ჩინით ჩაირიცხა 262-ე სალიანსკის ფეხოსანთა პოლკში, რომელიც ბაქოში იყო დისლოცირებული.
1905 წელს რუსეთის იმპერია რევოლუციამ მოიცვა, რომელსაც თავისებური გაგრძელება მოჰყვა კავკასიაში. რუსეთის იმპერიის ძალოვანმა სტრუქტურებმა, ვინაიდან ვერ ახერხებდნენ სიტუაციის სრულ კონტროლს, სხვადასხვა მეთოდების გამოყენება დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის გათიშვის კუთხით, რათა რევოლუციური ძალების კონსოლიდაცია გაძნელებულიყო. სწორედ ასე აღმოჩნდა წახალისებული ნაციონალისტური მიდრეკილებები და სომხურ-თათრული (მაშინდელ აზერბაიჯანელებს თათრებს უწოდებდნენ) სიძულვილი, რაც 1905-1906 წლებში ცნობილ სომხურ-თათრულ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა, რა დროსაც ათეულ ათასობით ადამიანი დაზარალდა. განსაკუთრებული სისასტიკით დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ქალაქ ბაქოში.
1905 წლის წლის 23 ოქტომბერს დღის 4 საათზე ქალაქ ბაქოში შავრაზმელთა და ადგილობრივ მუსლიმ ფანატიკოსთა უზარმაზარმა შეიარაღებულმა ბრბომ ალყა შემოარტყა ბაქოს სომხური ნაწილის — ბალახანისა და სტანისლავის ქუჩებს, იმ მიზეზით, რომ თითქოს კაშჩეევისა და მეზობელი სახლებიდან სომხებს ტყვიები დაეშინოთ ბრბოსათვის. მრავალსართულიანი კაშჩეევის სახლის ბინადრები, სრულიად უმწეონი და უიარაღონი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები გამოიკეტნენ ბინებში. ამ დროს ბრბოდან გამოიყო შეიარაღებულ პირთა ჯგუფი, რომელიც სადარბაზოს კარში შევარდა და კიბეებზე ასვლა დააპირა, რათა ბინებში ჩაკეტილ მობინადრეებამდე მიეღწია. მართალია, იქვე კაზაკების და ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა, თუმცა ისინი ცოტანიც იყვნენ და არც არაფერს აკეთებდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილების გამოსახსნელად.
სწორედ ამ დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ეტლით მიდიოდა მეფის არმიის ქართველი ოფიცერი ლავრენტი ბაბუნაშვილი, რომელმაც დაინახა რა შეკრებილი ბრბო, მოესმა სროლის და ყვირილის ხმები, სწრაფად გადმოხტა ეტლიდან და იქ მყოფ კაზაკებს და ჯარისკაცებს უბრძანა, დაუყონებლივ გაჰყოლოდნენ. ბაბუნაშვილმა ბრბოს რკალი გაარღვია, შეიჭრა კაშჩეევის სახლში და სადარბაზოში შეცვენილი შეიარაღებული შავრაზმელები გამოყარა.
ამ დროს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ადგილობრივი ხელისუფლების ორი წარმომადგენელი და გასცეს განკარგულება, რომ სახლი დაეტოვებინათ მხოლოდ რუსებს, ხოლო სომხები ადგილზე დარჩენილიყვნენ. ლავრენტი ბაბუნაშვილმა სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას, მხოლოდ სომხების დატოვება ნიშნავდა, რომ გამხეცებული ბრბო ქალებს, ბავშვებს და ზოგადად უმწეო ადამიანებს ერთიანად ამოჟლიტავდა. ლავრენტი ბაბუნაშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა და თავის მხრივ გასცა განკარგულება, რომ სახლიდან ან ყველა გაეყვანათ ან ყველა ადგილზე დაეტოვებინათ განურჩევლად ეროვნებისა. ბრძანება სისრულეში იქნა მოყვანილი, ლ. ბაბუნაშვილმა კაზაკებისა და ჯარისკაცებისაგან შექმნა მწკრივი, რომლის შუაში მოაქცია შენობაში მყოფი პირები, წინ ერთი პოლიციელი წაუმძღვარა აღმართული იმპერიის დროშით ხელში და ამგვარად მიიყვანა ისინი ბალახანისა და სტანისლავის ქუჩებით კომერციულ სასწავლებელში, რომელიც მან მიიჩნია ყველაზე დაცულ ადგილად. ამის შემდეგ, ლავრენტი ბაბუნაშვილი დაუყონებლივ გაეშურა სხვა ალყაშემორტყმულ სომეხთა სახლების გასათავისუფლებლად და დაღუპვისაგან იხსნა 170 ქალი, კაცი და ბავშვი.
ლავრენტი ბაბუნაშვილის გმირობის შესახებ სასწრაფოდ დაირხა ხმა ამიერკავკასიის რაიონებში, მისი მისამართით უწყვეტად წამოვიდა წერილები, მიმართვები. სომეხი მოსახლეობისაგან ლავრენტი ბაბუნაშვილს საჩუქრად გადაეცა ოქროს ხმალი შესაფერისი წარწერით, ვერცხლის ალბომი, რომელშიც ჩაწერილი იყო სიკვდილს გადარჩენილი ქალებისა და ბავშვების გრძელი სია. ხოლო იქვე ხელმომწერი 77 სომეხი მამაკაცი მადლობას უძღვნიდა და მოკლედ აღწერდა იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც ლავრენტი ბაბუნაშვილმა იხსნა ისინი.
ლავრენტი ბაბუნაშვილი გმირობის ჩადენიდან სამი თვისა და შვიდი დღის შემდეგ ტყვიით გულგანგმირული ნახეს ყაზარმის მიმდებარედ. ის ამ დროს 22 წლის იყო. ამიერკავკასიის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი და განსაკუთრებით ბაქოელ სომეხთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ღრმა მწუხარებით გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. ლავრენტი ბაბუნაშვილის ნეშტს ბაქოდან ქუთაისამდე დიდძალი ხალხი გამოჰყვა, მათ მონაწილეობა მიიღეს დასაფლავებაში და თავადვე გაიღეს ხარჯები.
ლავრენტი ბაბუნაშვილი დაასაფლავეს ქ. ქუთაისში 1906 წლის 4 თებერვალს, ოღასკურის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე დ., მივიწყებული გმირი ოფიცერი, ჟ. განთიადი. ქუთაისი, 1990. N1, გვ.105-109
- Luigi Villari , Fire and Sword in the Caucasus, 1906, London, T. F. Unwin, მე-9 თავი.
- Thomas De Waal, Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War, 2004, NYU Press.
- В.П. Макаренко. Цивилизаторская диктатура империи: от этнического разнообразия к универсальному доносительству // Политическая концептология. — ЮФУ, 2016. — 20 октября (№ 3). — С. 275—288.
- Казин В. Х. Дополнение к Справочной книжке Императорской Главной Квартиры «Гренадерские и пехотные полки» . Под ред. В. К. Шенка. 1912, СПб.