ლაბიაუს ციხესიმაგრე (რუს. Замок Лабиау) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს ქალაქ პოლესკში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ლაბიაუს ციხესიმაგრე
Замок Лабиау
კოორდინატები 54°51′44″N 21°06′56″E / 54.862296° ჩ. გ. 21.115419° ა. გ. / 54.862296; 21.115419
მდებარეობა პოლესკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1277
დასრულების თარიღი 1280
თარიღდება 1280
მდგომარეობა გადაკეთებული
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910220000

ციხესიმაგრე დააარსეს 1280 წელს. რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით ლაბიაუს ციხესიმაგრე აყვანილია სახელმწიფო დაცვის ქვეშ. ამჟამად წარმოადგენს კალინინგრადის ოლქის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1]. დღესდღეობით გამოიყენება მუზეუმად და თოჯინების თეატრად. წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას.

1277-1280 წლებში პრუსიული ციხესიმაგრისა და ხისა და ტალახისაგან აგებული გამაგრებული შენობის ადგილზე ტევტონთა ორდენის წარმომადგენლებმა ააგეს ქვის ციხესიმაგრე, რომელსაც 1330 წელს უწოდეს ლაბიაუ, მდინარე ლაბის მიხედვით. 1360 წლისათვის აგებული იყო ოთხი აგურისა და ქვის ნაგებობა, გალავნით და წყლის არხით გარშემო. 1454 წელს პრუსიის კავშირმა დაიწყო ციხესიმაგრის შტურმი, მაგრამ ციხის დამცველებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ალბრეხტ შპარუკელი, ყველა შეტევა მოიგერიეს.

1519 წლის მაისში აქ გაიმართა შეხვედრა ტევტონთა ორდენის მაგისტრ ალბრეხტსა და ვასილი III-ის ელჩებს შორის. ორდენის სეკულარიზაციის შემდეგ ციხესიმაგრე გადავიდა ჰერცოგ ალბრეხტის ხელში. 1526 წელს ალბრეხტმა ციხესიმაგრე აჩუქა თავის რძალს დოროთეა დანიელს. დოროთეას გარდაცვალების შემდეგ ციხესიმაგრის დიასახლისი გახდა ჰერცოგ ალბრეხტის მეორე ცოლი ანა მარია ბრაუნშვაიგელი. 1564 წელს რაინდთა დარბაზი მოხატა იტალიელმა მხატვარმა იოჰან ბაპტისტმა.

1656 წლის 20 ნოემბერს ლაბიაუში შედგა შვედეთის მეფის კარლ გუსტავისა და ბრანდენბურგის კურფიურსტ ფრიდრიხ ვილჰელმის ცნობილი შეხვედრა, რომლის შედეგიც იყო პოლონეთის დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება.

1860 წელს ციხესიმაგრე გადააკეთეს, რომლის შემდეგაც იგი გამოიყენებოდა ციხედ. 1917 წელს ციხესიმაგრე დაწვეს. საბჭოთა მმართველობის პერიოდში, კერძოდ 1948 წლიდან 1963 წლამდე ციხესიმაგრე კვლავ ციხედ გამოიყენებოდა.

მასში განთავსებული იყო ქარხანაც, რომლის დროსაც შეცვალეს შიდა ხედი, კიბეები და კორიდორი. 1968 წელს მოხდა მოკლე ჩართვა და ხანძარმა გაანადგურა სახურავი და ზედა სართულის ნაწილი. ქარხანა დაიხურა და იჯარით გაიცა. ციხესიმაგრიდან შემორჩენილია მხოლოდ კედლები და სარდაფი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Объекты культурного наследия федерального значения Калининградской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2018-06-08.