კურტანი
კურტანი — ტვირთის მზიდავი მუშის (კურტანიანი მუშა) ზურგზე მოსაკიდებელი, რომელიც ტვირთის საყრდენ ფართობს ზრდიდა და ამით სიმძიმის ტარებას აადვილებდა. კურტანს სამკუთხედის ფორმა ჰქონდა, რომლის სიგრძე იყო 60-70 სმ, ძირი 20-25 სმ (სისქე) და 40-50 (სიგანე). მისი ზედა ნაწილი თხელი იყო, ბოლო კი საკმაოდ ამაღლებული. მზადდებოდა მაგარი, უხეში ქსოვილისგან. კურტანის ზედაპირი ლამაზი, ჭრელი ფარდაგისა იყო, ზურგის მხარეს კი — შედარებით რბილი ქროვილის. ზურგის მხრიდან, ხელის გასაყრელად, მიკერებული ჰქონდა დაგრეხილი ქსოვილის მსხვილი სამკლაურები. კურტანის აუცილებელი ატრიბუტი იყო ფართო და სქელი ტყავისაგან დამზადებული ღვედი ან მსხვილი თოკი, რომლითაც მაგრდებოდა კურტანიანი მუშის ზურგზე გადასატანად დადებული დიდი ზომის ტვირთი.
თბილისში კურტანიან მუშებს თავისი ადგილი „ბირჟა“ ჰქონდათ. იყვნენ ბაზრის მაღაზიის (დუქნების) და ქარვასლების კურტანიანი მუშები, რომელთაც ეკრძალებოდათ სხვის სამუშაო ადგილას საქმიანობა. გარდა ამისა, მუშები დასპეციალებული იყვნენ გადასატანი ტვირთის მიხედვით (მაგ. ავეჯის გადამტანი მუშების სურსათ-სანოვაგის გადამტანი მუშები და ა.შ).
XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თბილისში მუშები ძირითადად რაჭიდან ჩამოსული გლეხები იყვნენ. გერმანელი მწერალი ნ. დუნკელ-ველინგი, რომელიც თბილისში XIX საუკუნის 50-იან წლებში იყო, გაზეთ „კავკაზში“ წერდა: „თათრის მოედანზე შეხვდებით აუარებელ მუშას (ტვირთის მზიდავს) რომლებიც მზად არიან უმნიშვნელო სასყიდლით წაიღონ ტვირთი ქალაქის შორეული უბნისკენ, მათ თავიანთი ამქარი აქეთ და ჰყავთ უსტაბაში, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალყურს, რომ სამუშაოზე ერთმანეთს არ შეეცილონ. ვერც ერთი ტფილისელი ვერ უსაყვედურებს მათ და ვერ იტყვის, რომ მუშას დანიშნულ ადგილას არ მიეტანოს ის, რისი წაღებაც მისთვის დაევალებინათ. ეს... უპატიოსნესი ხალხია“.
თბილისელი მუშის პატიოსნობაზე წერს XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ჩამოსული რუსი მწერალი ევგენი მარკოვი: „თბილისის კურტნიანი მუშები ატარებენ უპატიოსნეს ადამიანთა სახელს. ჩამოსულები სრულიად უშიშრად ანდობენ მათ თავიანთ ბარგს, ფულს და ძვირფას ნივთებსაც“.
თბილისში წვიმების შემდეგ ქალაქის ქუჩებში სიარული ჭირდა. დიმიტრი ყიფიანი მოგვითხრობს: „ავდარში... არაერთხელ მინახავს, როგორ მოიყვანდნენ ხოლმე მანდილოსნებს... ქოლგის ქვეშ შეფარებულს, ზორბა მუშის კისერზე დამჯდარს“.
XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თბილისში 2000-მდე კურტანიანი მუშა იყო, ძირითადად ქართველები, შემდეგ მათი ადგილი თანდათან დაიკავეს თურქეთიდან შემოსულმა თურქ-იეზიდებმა, XIX საუკუნის ქართულ პოეზიაშიც პოვა ასახვა თბილისელი კურტანიანი მუშის ცხოვრებამ: „და, თუ დაღამდა თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ ისევ ამგვარად განაგრძელებ უღმრთო შრომასა“ (ილია ჭავჭავაძე „მუშა“, 1860).
კურტანიანი მუშისადმი არის მიძღვნილი გრიგოლ ორბელიანის ცნობილი ლექსი „მუშა ბოქულაძე“. XX საუკუნის 50-იან წლებში თბილისში დაიწყო ე.წ. „კურტან-თმებრძოლობა“, ვინაიდან მუშურ-გლეხურ სახელმწიფოს აღარ შეეფერებოდა კურტნიანი მუშა, 1957-68 კარლ მარქსის (ახლანდელი ზაარბრიოკენის) მოედანზე ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს კონფისკებულ კურტანიანებს პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ. იმ დროიდან კურტანი სამუზეუმო ექსპონტად იქცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 617, თბ., 2002.