კუკიის წმინდა ნინოს ეკლესია
კუკიის წმინდა ნინოს ეკლესია — XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, ნორიოს აღმართის №36–ში.
ისტორია
რედაქტირებათბილისის დღევანდელი კუკიის სასაფლაოზე მეტწილად ჩუღურეთის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მრევლს ასაფლავებდნენ და ამიტომ ამ სასაფლაოს თავდაპირველად ნეველის სასაფლაოს უწოდებდნენ. მას მერე, რაც ვერის ძველი სასაფლაო გაუქმდა, კუკიის სასაფლაო თბილისის მართლმადიდებლების დასაფლავების ძირითად ადგილად იქცა. ვინაიდან სასაფლაო ქალაქიდან მოცილებით მდებარეობდა, იგი მოუვლელი იყო. ხშირად იქ საქონელი დადიოდა და ახალ სამარხებს ანადგურებდა, იძარცვებოდა საფლავები. სასაფლაოზე გადიოდა მარტყოფის გზა და იგი ყაჩაღების თავშესაფარი იყო.
საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ პირადად დაავალა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის დიაკონს იოსებ ბერიძეს მოეხერხებინა სასაფლაოზე დროებითი ეკლესიის აშენება. რამდენიმე თვეში სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა ქვის პატარა, მაგრამ მაღალი ეკლესია ხის გადახურვით, სადაც იოსებ ბერიძე მღვდლად აკურთხეს. სასაფლაოს სჭირდებოდა გალავნს შემოვლება, დარაჯისათვის სათავსოს და ეკლესიის ნივთებისათვის საწყობის აშენება. ამ ყველაფერს ერთიკაცი ვერ გააკეთებდა, ამიტომ ეგზარქოსმა დააარსა ამ ეკლესიის და სასაფლაოს „მზრუნველთა საბჭო“. საბჭოს წევრმა, რუსეთის საიმპერატორო კარის გოფმაისტერმა და სენატორმა ს. გონჩაროვმა სასაფლაოს ტერიტორიაზე საძირკველი ჩაუყარა პატარა ეკლესიას და სასაფლაოს გალავანი შემოავლო. მას შემდეგ, რაც ამ საბჭოს სათავეში თავადი ი. ტატიშჩევი ჩაუდგა, დაიწყო ახალი დიდი ეკლესიის ასაშენებლად თანხების შეგროვება.
1891 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“ ვკითხულობთ, რომ “კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ საქართველოს ეგზარქოსი სპალადის სურვილით და დეკანოზ იოსებ ბერიძის თაოსნობით დიდი ყურადღება დაუთმო თბილისის კუკიის მართლმადიდებლების სასაფლაოს”.
1893 წლის 9 ივლისს გაზეთი”ივერია” წერდა: ”ქ. ტფილისის მართლმადიდებელთა კუკიის სასაფლაოს, მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ეკკლესიის ამშენებელ სამზრუნველომ, შემოავლო–რა ამ მდგომიარე წელს სასაფლაოს ქვით–კირის გალავანი, განიზრახა ააგოს სასაფლაოს ეკკლესიაც, ტფილისის საგუბერნიო გამგეობის სახუროთმოძღვრო განყოფილების გამგის თანახმად. ამ ეკკლესიის აშენება ვარაუდით დაჯდება 14 ათას მანეთზედ მეტი. ვინაიდან სამზრუნველოს არ მოეპოვება ტაძრის ასაგები ფული, მიჰმართავს ყველას, ვინც–კი თანაუგრძნობს ამ სასაფლაოს განკარგების საქმეს, არდაიშუროს თავისის წვლილის შეწირვა და მათ მისცეს სამზრუნველოს საღსარი ეკკლესიის აგებისა”.
როგორც ჩანს, დღევანდელი „წმინდა ნინოს ეკკლესიის აღმშენებელმა სამზრუნველომ“ მოახერხა საჭირო თანხის შეგროვება და 2 წლის შემდეგ, 1895 წლის 12 იანვარს ეკლესია აკურთხა ეგზარქოსმა ვლადიმერმა. წმინდა ნინოს ეკლესიას და სამრეკლოს რუსული ყაიდის გუმბათი დაადგეს. „კანკელი ახალ ტაძარში ორიარუსიანია, სხვადასხვა ჩუქურთმებით, დამზადებულია კაკლის ხისაგან არსენალის სახელოსნოებში და მორთულია საუკეთესო ხატმწერის პ. კოლჩინის ხატებით, რომელსაც ეკუთვნის კანკელის პროექტიც.“ – ვკითხულობთ 1895 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბეში“.
ეკლესიაში დაბრძანებული იყო ძვირფასი ხატები. სამრეკლოში ეკიდა ზარები, რომელთა შორის ყველაზე დიდი ძველი ზარბაზნებისაგან ჩამოასხეს. ასევე გალავანთან ახლოს აშენდა ორსართულიანი საეკლესიო სახლი და ქალაქიდან სასაფლაომდე განიერი და სწორი გზა გაიჭრა. მოსე ჯანაშვილი ეკლესიის შესახებ წერს:“…წმინდა ნინოსი კუკიის სასაფლაოზე, …აქვს მშვენიერი სასახლე სამრევლო სკოლისათვის”.
საბჭოთა პერიოდში ტაძრის ბედზე მოგვითხრობს თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული, 1924 წელით დათარიღებული წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლის განცხადება, რომელიც “ქალაქ ტფილისის აღმასკომის პრეზიდიუმს” თხოვნით მიმართავს: “გავიგეთ, რომ ტფილისის აღმასკომის დადგენილებით ყველა საეკლესიო სახლები იქმნა გადატანილი ქალაქის განკარგულება – საკუთრებად… ასევე მღვდლებს შეეწერა გადასახადი სახლის ქირა…შენობები ეხლა გადასულა მუშათა კოოპერატივის ფარგლებში და გამოუცხადებია სამღვდელოთა პირთათვის შვიდი დღის განმავლობაში გასწმინდონ მათ მიერ დაკავებული ოთახები და წავიდნენ ამ შენობებიდან. მუშათა კოოპერატივმა უნდა ანგარიში გაუწიოს მას თუ ვის როგორ მოეპყროს. ყველა ხომ ერთნაირი არაა, თუნდაც სამღვდელოების მხრიდანაც…ეს უბანი ტიტველა ველი წინეთ წარმოადგენდა ხევ–ხუვ გამოუსადეგარ ალაგს. სწორედ ამჟამად გამოუჩნდა მას პატრონად იმხანად მთავარი იოსებ ბერიძე, ეხლა კიმოხუცი დეკანოზი 68 წლისაა, აავსებინა ხევები, გააშენა ეკლესია, გალავანი შეზღუდა ქვიტკირის 12 დესატინა ზედმეტი, აუშენახალხსსკოლაექვსოთახიანიდაორიდიდიშენობაორსართულიანისაცხოვრებლად, როგორც სამღვდელოების, აგრეთვე ერთათვის. აი სწორეთ ამ მოამაგე ამშენებელს ხვდა წილად გავიდეს თავის სიყმაწვილის ნაამაგ და რაშენებული სახლიდან. სად წავიდეს, ვის მიმართოს, საიდან გადაიხადოს მოხუცმა სახლის ქირა, მეტადრე ამ ჟამს, როდესაც სამღვდელოების პრესტიჟი დაეცა?…პატივცემულ მოხუცს თავის შრომის ფასი გადაუხადოთ მით, რომ სიკვდილამდის მაინც იდგეს თავის ნაამაგდარ შენობაში მიცემით ორი ოთახისა მაინც ჯერეთსულუ ქირაოდ და თუ მაინცდამაინც ეს შესაძლებელი არ იქნება მცირეოდენი გადასახადით თანასწორ მუშებისა. . . ვიმედოვნებთ, რომ ამ ჩვენს თხოვნას მუშა–ერთასი მისცემთ სათანადო მსვლელობას…ამ მოხუც დეკანოზს უიმისოდაც დატანჯულ დასაჯულპირისას, რომელმაც დაკარგა უძვირფასესნი ხუთი ვაჟი…და ამით შეუმსუბუქოთ ჭირვარამი სატანა მოხუცებულობის ხანაში“. (ფ. 1. ან1. საქ216. )
ცნობილი არარის დააკმაყოფილა თუ არა “ქალაქ ტფილისის აღმასკომის პრეზიდიუმმა ”მრევლის თხოვნა, მაგრამ ღვაწლმოსილმა დეკანოზმა დიდხანს არ იცოცხლა, 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ტაძარის აღმოსავლეთ კედელთან, მის საფლავზე წარწერაა: ”აქ განისვენებს დეკანოზი იოსებ ილიას ძე ბერიძე. ამშენებელი წმინდა ნინოს ეკლესიისა, სასაფლაოს გალავნისა და მისი გარეშემო შენობებისა. დაბადებიდან 72 წლის გარდაიცვალა 1 მარტს 1931 წ.”.
არკადი ჭოველიძის (თამარ ჭოველიძის მამა) და ირაკლი ანდრიაძის ძალისხმევითა და შემწეობით ეკლესიას ქართული გუმბათი დაედგა. დავით ანჯაფარიძის დახმარებით ტაძარი სპილენძით გადაიხურა. ტაძარი მოხატულია გ. კიკაბიძის, ზ. ხაბაძის, ე. ჩაჩავასა და გ. ხელაძის მიერ. ტაძარში არსებული ღირსშესანიშნავი ხატებიდან ეკლესიის ოთხჯერ გაძარცვის შემდეგ მცირეოდენიღა შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქუთათელაძე მ., წერეთელი გ., „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 480-485