კრაწაშვილ-მოლაშვილის დაჯგუფება
კრაწაშვილ-მოლაშვილის დაჯგუფება — შეიარაღებული დაჯგუფება 1920-იანი წლების საბჭოთა საქართველოში.
ჩამოყალიბდა 1922 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ, რაც დაჯგუფების ხელმძღვანელები — ივანე (ვანო) კრაწაშვილი (ყოფილი მენშევიკი, სიღნაღის ერობის თავმჯდომარის მოადგილე) და სტეფანე მოლაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილმა კრიმინალური მიდრეკილებების გამო თავისი რაზმიდან გააძევა. დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა სიღნაღის მაზრის ტერიტორიაზე, თავს ესხმოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ბოლშევიკური მთავრობის მომხრე ადგილობრივებს, თუმცა არ ერიდებოდა ყაჩაღობას და ძარცვასაც. სხვადასხვა დროს დაჯგუფებაში 20-დან 40 კაცამდე იყო გაერთიანებული. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიიჩნეოდა პოლიტიკურ-კრიმინალურ ბანდად. დაჯგუფებას მისი არსებობის პერიოდში მიეწერებოდა 22 მკვლელობა, 5 დაჭრა, 10 ძარცვა, ხელისუფლების წარმომადგენლებზე 16 თავდასხმა და ცემა და სხვ.
1922 წლის შემოდგომაზე „ჩეკამ“ რამდენჯერმე სცადა დაჯგუფების განადგურება, თუმცა უშედეგოდ. 1923 წლის იანვარში „ჩეკას“ აგენტებმა მოკლეს კრაწაშვილი, ივლისში დააპატიმრეს და დახვრიტეს მოლაშვილი. დაჯგუფების სხვა წევრების დიდი ნაწილი შეტაკებებში მოკლეს ან შეიპყრეს და დახვრიტეს, რამდენიმე ყაჩაღი შემოირიგეს. ბანდის ცალკეული წევრების დევნა-ლიკვიდაციის ღონისძიებები 1927 წლამდე გაგრძელდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თულნი (პროექტის ხელმძღვ. — ომარ თუშურაშვილი), თბ., 2015. — გვ. 23-37.