კოხტა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
კოხტა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფშაველიდან 4 კილომეტრზე, ჭიჭაკეისწყლის ხეობაში. შედგება ორი ეკლესიის, ეკვდრის, საკულტო და საცხოვრებელ სადგომების, გარშემოსავლელის და გალავნისაგან. ძეგლი 1953 წელს შეისწავლა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ. ნაგებობების ურთიერთკავშირის გარკვევის მიზნით, ჩატარდა მცირე არქეოლოგიური სამუშაოები, სახურავის ფენების დასადგენად გაკეთდა რამდენიმე შურფი და ზონდაჟი.
კომპლექსი სხვადასხვა დროსაა ნაგები. VIII-IX საუკუნისაა დარბაზული ეკლესია თავისი კარიბჭითა და სადიაკვნით; X-XI საუკუნეს განეკუთვნება ეკლესიის ჩრდილოეთ ეკვდერი, დასავლეთ გარშემოსავლელი და გალავანი; XVI-XVIII საუკუნით თარიღდება მცირე ეკლესია და მის დასავლეთით — სწორკუთხა სადგომი. იმავე, გვიანდელი ხანისაა, მთავარ ეკლესიაში შესრულებული, სარემონტო სამუშაოებიც. 1972 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწყობში სახელოსნოს მიერ შეკეთდა და გამაგრდა კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ნაგებობები, ძეგლამდე გაიყვანეს სამანქანო გზაც. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კუთხეებში და კონსტრაქტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. შენობის გეგმა გართულებულია დამატებითი სადგომებით. სამხრეთ ფასადის გაყოლებით, აღმოსავლეთით, სწორკუთხა სადგომია, რომელიც კამარით უკავშირდება ეკლესიას. დასავლეთით კი აფსიდიანი სადგომი — სამლოცველოა. ამ სადგომის დასავლეთ და სამხრეთ კედლები გარე სივრცესთან დამაკავშირებელი, თითო თაღითაა გახსნილი. ეკლესიის შიდა სივრცეს იგი თაღოვანი კარით უკავშირდება. შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთითაა — სამლოცველოსთან. ეკლესიაში სამი სარკმელია: ერთი, აღმოსავლეთით, საკურთხეველში. მეორე — საკმაოდ მაღლა, ჩრდილოეთ კედელში. მესამე — მოწყობილია დასავლეთ კარის ჩაშენებულ ნაწილში, აღმოსავლეთით საკურთხევლის ნალისებრი, ღრმა აფსიდია, რომელიც მლოცველთათვის განკუთვნილი სივრცისგან მცირე მხრებითაა გამოყოფილი. მთავარ ეკლესიასთან, მთელ სიგრძეზე, ჩრდილოეთით, მოგვიანებით მიშენებული, აფსიდიანი სადგომი და დასავლეთით არსებული გარშემოსავლელი მოწმობს, რომ თავდაპირველი დარბაზული ეკლესია გაურთულებიათ და მისთვის სამეკლესიიანი ბაზილიკის სახე მიუციათ ეკლესია ნატეხი ქვით ნაგები, თითქმის სწორკუთხა მოხაზულობის გალავნითაა შემოსაზღრული. სამხრეთ კედელში აგურით ნაწყობი, თაღოვანი შესასვლელი, რომელიც ორსართულიანი, კოშკური ნაგებობის ქვემოთა სართულს წარმოადგენს. შესასვლელს, ფასადის მხრიდან შემოვლებული აქვს სწორკუთხა მოჩარჩოება. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებთან მრუდხაზოვანი კონტრფორსებია გამოშვერილი დასავლეთ გრძივი კედელი კი ნახევარწრიული, ორი ბურჯითაა გამაგრებული. ორივე ბურჯში, შიდა მხრიდან, ზემოთა ნახევარში, ნახევარწრიული ნიშაა მოწყობილი. თითოეულ მათგანში კი თითო, სწორკუთხა, სასროლი ხვრელია გაჭრილი. დასავლეთ, გრძივი კედელი ჩრდილოეთ განივ კედელს მცირე მომრგვალებით უკავშირდება. ამ ჩრდილოეთ-დასავლეთ მონაკვეთს შეადგენს საკუთრივ გალავნის შემოღუნული კედელი, რომელსაც ჩარდახით გადახურული, ერთი, სასროლი ხვრელი აქვს და ეკლესიის ეკედრის ჩრდილოეთ კედელი. სასროლი ხვრელი სწორკუთხაა, პარალელურწირთხლებიანი.
საბრძოლო ბაქანი აქ იმგვარადვეა მოწყობილი, როგორც დასავლეთ კედელში, მხოლოდ ნიშაა სწორკუთხა და კედელს გარედან კონტრფორსი არა აქვს გამოყვანილი გალავნის აღმოსავლეთ კედელი ჩრდილოეთ ბოლოთი ეკვრის ეკვრის ეკლესიის გრძივ კედელს, რომელსაც გარედან ორი კონტრფორსი აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა საცხოვრებლის ნაშთია შემორჩენილი. მეორე სართულზე ასასვლელად მოწყობილია ქვის კიბე ზემოთა სართული მეციხოვნეთა სადგომი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 349-352.