კონფლიქტოლოგია
კონფლიქტოლოგია — სოციალური მეცნიერებების ნაწილია, რომელიც ქცევის ძალადობრივ და არაძალადობრივ ფორმებს, ასევე იმ სტრუქტურულ მექანიზმებს აანალიზებს, რომლებიც კონფლიქტებს (მათ შორის სოციალურ კონფლიქტებს) თან სდევს. მისი მიზანია გაიაზროს ის პროცესები, რომელიც ადამიანის უკეთეს მდგომარეობამდე მიყვანას გამოიწვევს. ამ მიმართულების ნაწილია მშვიდობის კვლევა (იროლოგია), რომელიც ინტერდისციპლინერული სახისაა და მიზნად ისახავს მშვიდობიანი გზებით კონფლიქტების აღკვეთას, დეესკალაციას და გადაწყვეტას, რაც კონფლიქტში ჩართული ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. იგი ეწინააღმდეგება ომის კვლევებს, რომლის მიზანიც კონფლიქტში გამარჯვების ეფექტიანი, უპირველეს ყოვლისა ძალადობრივი საშუალებების გამოყენებით მიღწევაა კონფლიქტის მონაწილე არა ყველა მხარის, არამედ ერთი ან რამდენიმე მხარის სასარგებლოდ. კონფლიქტოლოგიაში ჩართული დისციპლინებია ფილოსოფია, პოლიტოლოგია, გეოგრაფია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ანთროპოლოგია, თეოლოგია და გენდერის კვლევები
ისტორია
რედაქტირებაკონფლიქტოლოგიის ისტორიაში შეიძლება გამოვყოთ განვითარების რამდენიმე ეტაპი:
- პირველი პერიოდი იწყება ჩვენს დრომდე მოღწეული წყაროებიდან კონფლიქტების შესახებ (ძვ. წ. VII-VI საუკუნეები) და სრულდება XIX საუკუნის შუა წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტოლოგიური ცოდნა ფორმირდება და ვითარდება ადამიანების პრაქტიკულ ცოდნად კონფლიქტების სახეებზე, პრინციპებსა და წესებზე რეალურ კონფლიქტებში, რაც ასახულია ფილოსოფიაში, რელიგიაში, ლიტერატურაში, სახალხო შემოქმედებაში. ამ პერიოდში გროვდება პირველი სამეცნიერო ცოდნაც კონფლიქტებზე. კონფლიქტები შეისწავლება ფილოსოფიის, სამართლის, ფსიქოლოგიის ჩარჩოში, თუმცა გამოიყოფა შესწავლის დამოუკიდებელ საგნად.
- მეორე პერიოდი — XIX საუკუნის შუა წლებიდან — 1920-იან წლებამდე. კონფლიქტოლოგიური თეორიების და კონფლიქტოლოგიის ნაწილების ჩამოყალიბების და განვითარების პერიოდი. იგი მოიცავს პუბლიკაციების პირველ „ტალღას“ კონფლიქტების პრობლემის შესახებ.
- მესამე პერიოდი — 1920-1950-იანი წლები. ამ დროს კონფლიქტი შეისწავლება როგორც დამოუკიდებელი მოვლენა სხვა მეცნიერებების ჩარჩოებში (სოციალური ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, პოლიტოლოგია და სოციოლოგია). კონფლიქტების შესწავლის ინტენსივობა თავდაპირველად მუდამ იზრდება, ხოლო პერიოდის ბოლოს სიტუაციას ახასიათებს პრაქტიკულად პუბლიკაციების სრული არარსებობა. ეს კავშირშია მეორე მსოფლიო ომთან და იმ პერიოდში ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების მდგომარეობასთან.
- მეოთხე პერიოდი — 1950-1980-იანი წლები. ყოველწლიურად ქვეყნდება ნაშრომები კონფლიქტის პრობლემის შესახებ, ხდება პირველი დისერტაციების დაცვა. ჩნდება პირველი ინტერდისციპლინარული კვლევები, კონფლიქტოლოგია ყალიბდება დამოუკიდებელ მეცნიერებად.
- მეხუთე პერიოდი — 1980-იანი წლებიდან — დღევანდელ დღემდე — ყოველწლიურად იზრდება პუბლიკაციების რაოდენობა კონფლიქტოლოგიაში, იქმნება კონფლიქტოლოგიური შუამავალი ცენტრები, რეგიონული და საერთაშორისო ჯგუფები კონფლიქტების შესწავლისა და დარეგულირებისთვის.
პედაგოგიური აქტივობა
რედაქტირებამეცნიერები და სტუდენტები მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებში დიდი ხანია დაინტერესებული არიან მშვიდობის საკითხებით. ამერიკელი სტუდენტების დაინტერესება იმ სფეროთი, რასაც დღეს მშვიდობის შესწავლას ვუწოდებთ, პირველად ამერიკის სამოქალაქო ომის შემდგომ წლებში შეერთებული შტატების კოლეჯებში არსებულ საუნივერსიტეტო კლუბებში გამოვლინდა. მსგავსი მოძრაობები XIX საუკუნის ბოლო წლებში გაჩნდა ევროპაშიც. იგი წარმოადგენდა სტუდენტების ორგანიზებულ სადისკუსიო ჯგუფებს და არა ოფიციალურ კურსებს, რომელიც კოლეჯების სასწავლო პროგრამებში შედიოდა.
პირველი მსოფლიო ომი დასავლეთში ომისადმი დამოკიდებულებაში გარდამტეხ მომენტად იქცა. 1919 წელს პარიზში, სადაც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს დელეგაციები ჟორჟ კლემანსოს, დევიდ ლოიდ ჯორჯის და ვუდრო ვილსონის ხელმძღვანელობით ევროპის მომავლის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ, უილსონმა ცნობილი გეგმა „14 პუნქტი“ მშვიდობის დასამყარებლად წამოაყენა. იგი მოიცავდა ევროპული იმპერიების დაშლას ეროვნულ სახელმწიფოებად და ერთა ლიგის შექმნას. ამ ნაბიჯებმა, რომელთაც მშვიდობიანი მომავლის დამყარება უნდა უზრუნველეყოთ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მშვიდობის და კონფლიქტების კვლევების საკითხების აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბებაში (თუმცა მათ, კეინსის წინასწარმეტყველებით, სათავე დაუდეს მომავალ კონფლიქტსაც). 1919 წელსვე მოხდა უელსში, აბერისტუიტის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კათედრის გახსნა, რომლის ამოცანაც ნაწილობრივ მიმართული იყო მშვიდობის ხელშეწყობისკენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს შექმნა მშვიდობისა და კონფლიქტების პრობლემების კვლევებში ახალი მიდგომების დანერგვისთვის დამატებით სტიმულად იქცა. საუნივერსიტეტო კურსებმა მშვიდობის საკითხების შესახებ, რომელიც იმ პერიოდში ხშირად ომთან იყო დაკავშირებული, მთელი მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო განვითარება. პირველი საუნივერსიტეტო აკადემიური პროგრამა მშვიდობის შესასწავლად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1948 წელს შეიმუშავა გლედის მიურმა მანჩესტერის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კოლეჯში, რომელიც ინდიანას შტატში, ჩრდილოეთ მანჩესტერშია განთავსებული. თუმცა მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების მღელვარებამ ვიეტნამში ომთან დაკავშირებით აიძულა სულ უფრო მეტ უნივესიტეტს შეეთავაზებინათ სტუდენტებისთვის კურსები მშვიდობის საკითხებზე. 1960-იან წლებში ისეთი მეცნიერების მუშაობამ, როგორიცაა იოჰან გალტუნგი და ჯონ ბერტონი, დებატებმა ფორუმებზე, როგორიცაა „მშვიდობის კვლევის ჟურნალი“, გამოხატაამ სფეროსადმი მზარდი ინტერესი და მისი აკადემიური სტატუსი. მშვიდობის შესწავლის პროგრამების რაოდენობა 1980-იან წლებში გაიზარდა, რადგანაც სტუდენტებს სულ უფრო აღელვებდათ ბირთვული ომის პერსპექტივა. ცივი ომის დასრულების შემდეგ მშვიდობის და კონფლიქტების შესწავლის კურსებმა საკუთარი ყურადღება საერთაშორისო კონფლიქტებიდან სხვა პრობლემებზე გადაიტანეს, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას, ადამიანის უსაფრთხოებას, დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას, მშვიდობის მყარი ფორმების განვითარებას უკავშირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების და სააგენტოების საქმიანობის გაფართოება, დაწყებული გაეროდან, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან, ევროკავშირიდან და მსოფლიო ბანკიდან საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფამდე, International Alert-ამდე და სხვა ორგანიზაციებამდე, სწორედ მსგავს კვლევებს ეყრდნობოდა.
დღის წესრიგი, რომელიც ევროპულ აკადემიურ კონტექსტში პოზიტიურ მშვიდობას ეხებოდა, უკვე ფართოდ 1960-იან წლებში განიხილებოდა. 1990-იანი წლების შუაში მშვიდობის შემსწავლელი პროგრამები შეერთებულ შტატებში გადავიდა
„...ნეგატიური მშვიდობის კვლევისა და სწავლებისგან ძალადობის შემცირებისა და პოზიტიური მშვიდობის დამყარების მიზნით, იმ პირობების შესწავლისკენ, რომელიც აღმოფხვრის ძალადობის მიზეზებს“
|
შედეგად თემა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 1994 წელს მშვიდობის შემსწავლელი კურსები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა „დამოკიდებულება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“; „განვითარება, ვალი და გლობალური სიღარიბე“; „გარემო, მოსახლეობის ზრდა და რესურსების დეფიციტი“; „ფემინისტური ხედვები მშვიდობაზე, მილიტარიზმსა და პოლიტიკურ ძალადობაზე“.
დღეს სოციალური მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენლებს, ასევე მთელი მსოფლიოდან მრავალ გავლენიან პოლიტიკოსს შორისარსებობს საყოველთაო თანხმობა მშვიდობის და კონფლიქტების შესწავლის აუცილებლობაზე. მშვიდობის და კონფლიქტების კვლევა დღეს სულ უფრო მეტ დაწესებულებასა თუ უნივერსიტეტში ისწავლება. მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ასოციაციის საიტზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ხელმისაწვდომი სია ამ უნივერსიტეტების. 2008 წლის ანგარიშში, რომელიც International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია 400-ზე მეტი პროგრამა მშვიდობისა და კონფლიქტების სფეროში სწავლების და კვლევის.
1995 წლის გამოკითხვამ გამოავლინა 136 კოლეჯი შეერთებულ შტატებში, რომელთაც მშვიდობის შესწავლის პროგრამა ჰქონდათ: „46% მათგან იყო ეკლესიასთან დაკავშირებულ სკოლებში, 32% მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, 21% კერძო კოლეჯებში, რომელიც კავშირში არ არის ეკლესიასთან და 1% საზოგადოებრივ კოლეჯებში. ეკლესიასთან დაკავშირებული სკოლების 55%, სადაც არის მშვიდობის შემსწავლელი პროგრამები, კათოლიკურია. 115 ამ პროგრამებიდან ისწავლება ბაკალავრიატის დონეზე, ხოლო 21 — მაგისტრატურის. 15-ს ამ კოლეჯებიდან და უნივერსიტეტებიდან აქვს პროგრამები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეებზე“.
კვლევითი აქტივობა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მოაზროვნეები, მაგალითად ემანუელ კანტი დიდი ხნის წინ აღიარებდა მშვიდობის ცენტრალურობას, მხოლოდ 1950-60-იან წლებში გადაიქცა მშვიდობის კვლევა აკადემიურ დისციპლინად საკუთარი კვლევითი ინსტრუმენტებით, კონცეფციების ნაკრებით და სამეცნიერო ფორუმებით, როგორიცაა ჟურნალები და კონფერენციები. დაწყებული 1959 წლიდან, როდესაც ოსლოში დაარსდა მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (დაკავშირებული იოჰან გალტუნგთან), დაიწყო სხვა კვლევითი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაც. პირველი კვლევები და სპეციალიზებული ინსტიტუტები ამ სფეროში ძირითადად პროტესტანტულ ქვეყნებში (სკანდინავიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში) შეიქმნა. მოგვიანებით გაფართოვდა ქვეყნების წრე, ასევე კვლევითი მიდგომები საერთაშორისო კონფლიქტების შესასწავლად. ასე გაჩნდა ცენტრები ინდოეთში (განდიზმის კონტექსტში), ლათინურ ამერიკაში (დამოკიდებულების თეორიის კონტექსტში), იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
1963 წელს უოლტერ აისარდმა, რეგიონული მეცნიერების მთავარმა დამფუძნებელმა, შეკრიბა მეცნიერების ჯგუფი მალმიოში (შვედეთი) მშვიდობის კვლევის საზოგადოების დასაფუძნებლად. ჯგუფში შევიდნენ კენეტ ბოულდინგი და ანატოლ რაპოპორტი. 1973 წელს ეს ჯგუფი გადაიქცა მშვიდობაზე მეცნიერების საზოგადოებად. მეცნიერება მშვიდობაზე განიხილებოდა ინტერდისციპლინარულ და საერთაშორისო მცდელობად შეემუშავებინათ კონცეფციების, მეთოდების და მონაცემების სპეციალური ნაკრები კონფლიქტების უკეთ გასაგებად და მათ შესამცირებლად. მეცნიერება მშვიდობაზე იყენებდა რაოდენობრივ მეთოდებს, შემუშავებულს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით თამაშის თეორიასა და ეკონომეტრიკაში. მეთოდებს, რომელთაც იშვიათად იყენებდნენ მკვლევრები მთელ მსოფლიოში მშვიდობის კვლევებში. მშვიდობის შესახებ მეცნიერების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა Correlates of War-ის მეორე გამოცემა, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტებზეერთ-ერთი ცნობილი ნაკრებია. საზოგადოება ატარებს ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან და აქვეყნებს ორ სამეცნიერო ჟურნალს: „კონფლიქტების გადაწყვეტის ჟურნალს“ და „კონფლიქტების მართვასა და მშვიდობის მეცნიერებას“.
1964 წელს კონფერენციაზე, რომელიც კლარენსში (შვეიცარია) კვაკერების ორგანიზებით ჩატარდა, შეიქმნა მშვიდობის კვლევების საერთაშორისო ასოციაცია. დამფუძნებელი კომიტეტის წევრებს შორის იყო იოჰან გალტუნგიც. IPRA ორ წელიწადში ერთხელ ატარებს კონფერენციებს. მკვლევრები, წარმოდგენილი კონფერენციაზე, ძირითადად ფოკუსირდებიან ინსტიტუციონალურ და ისტორიულ მიდგომებზე, იშვიათად იყენებენ რაოდენობრივ მეთოდებს. 2001 წელს ორი ორგანიზაციის შერწყმის შედეგად შეიქმნა მშვიდობისა და სამართლიანობის კვლევის ასოციაცია (PJSA). PJSA წარმოადგენს IPRA-ს ჩრდილოამერიკულ ფილიალს და მისი წევრების დიდი ნაწილი ამერიკიდან და კანადიდან არიან. PJSA აქვეყნებს რეგულარულ საინფორმაციო ბიულეტენს („მშვიდობის ქრონიკები“) და ატარებს ყოველწლიურ კონფერენციებს თემებზე, რომელიც ორგანიზაციის მისიას — „მშვიდობიანი და სამართლიანი სამყაროს შექმნას“ უკავშირდება კვლევების, სამეცნიერო მუშაობის, პედაგოგიკის და აქტივიზმის გზით.
2008 წელს სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფმა წარმოადგინა ანგარიში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გადაჭრის მიზნით ინოვაციური მექანიზმის შექმნის შესახებ. მანვე შეიმუშავა წყლის თანამშრომლობის ახალი კოეფიციენტი, რომლის მიზანია წყლის რესურსების მართვის საკითხში მოსაზღვრე ქვეყნების თანამშრომლობის გაუმჯობესება ათი პარამეტრის, მათ შორის სამართლებრივი, პოლიტიკური, ტექნიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ასპექტების შემუშავების გზით.
მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო კონფლიქტოლოგიის ცენტრებს შორის იკავებს მიჩიგანის უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც 1950-იანი წლების ბოლოს საერთაშორისო კონფლიქტების შემსწავლელი უმსხვილესი ამერიკული სკოლა წარმოიქმნა. მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრებია ამ მიმართულებით ნორვეგიასა (PRIO) და შვედეთში (SIPRI და უპსალას უნივერსიტეტი). ევროპული სკოლებიდან უნდა აღინიშნოს ჰაიდელბერგის და ჰამბურგის უნივერსიტეტები გერმანიაში. მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრები არსებობს ჰარვარდის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთანაც.
კონფლიქტოლოგიის ცნებები და ტერმინოლოგია
რედაქტირებაშეიარაღებული დაპირისპირების ფორმების მრავალფეროვნების, მათი ინტენსივობის დონეების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ტერმინ „ომის“ ნაცვლად გამოიყენება კონფლიქტის ან შეიარაღებული კონფლიქტის ცნება. შედეგად, ომი წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის კერძო შემთხვევას.
შეიარაღებული კონფლიქტის გარდა არსებობს „კონფლიქტის“ ცნების სხვა აღმნიშვნელებიც — ინტერესთა, სოციალური, იურიდიული, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური კონფლიქტი.
შეიარაღებული კონფლიქტები არის საერთაშორისო, როდესაც კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს ორი ან მეტი სახელმწიფო და საშინაო, რომელიც სახელმწიფოს შიგნით ან ერთი სახელმწიფოს მონაწილეობით მიმდინარეობს.
მშვიდობის კვლევა დამკვიდრებული ტერმინია საერთაშორისო კონფლიქტოლოგიის სფეროში. იგი ფიგურირებს წამყვანი ჩრდილოეთ ევროპული ინსტიტუტების დასახელებაში — მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტი ოსლოში (Peace Research Institute Oslo, PRIO) და მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტი (Stockholm International Peace Research Institute, SIPRI), ასევე წამყვანი ევროპული სამეცნიერო გამოცემის სახელწოდებაში — მშვიდობის პრობლემების კვლევის ჟურნალი (Journal of Peace Research). ტერმინი „მშვიდობის პრობლემების კვლევა“, რეალურად ომის შესწავლის ერთგვარ ევფემიზმს წარმოადგენს. მაგალითად, ლონდონის სამეფო კოლეჯში 1962 წლიდან არსებობს ომის შესწავლის დეპარტამენტი (Department of war studies). მსგავსი მნიშვნელობის ტერმინია „თავდაცვის შესწავლაც“ (defense studies).
ევროპისგან განსხვავებით, ამერიკულ სამეცნიერო ტრადიციაში უფრო ფართო გავრცელება მოიპოვა ტერმინმა „კონფლიქტის გადაჭრა“ (conflict resolution). მაგალითად, ყველაზე ავტორიტეტულმაამერიკულმა სამეცნიერო გამოცემამ კონფლიქტოლოგიის მიმართულებით სახელწოდებად მიიღო „კონფლიქტის გადაჭრის ჟურნალი“ (Journal of Conflict Resolution).
ოდნავ განსხვავებულ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს ტერმინი „კონფლიქტების მართვა“ (conflict management). როგორც წესი,მის ქვეშ მოიაზრებენ საერთაშორისო არენაზე იმ დროს არსებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის პირობებში შეთანხმებულ ქმედებებს საერთაშორისო კონფლიქტების არდაშვების ან აღკვეთის მიზნით. ამ თვალსაზრისით კონფლიქტების მართვა გლობალური მმართველობის (global governance) ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს.
ინგლისურენოვან ლიტერატურაში მშვიდობის მყოფელობის გამოსახატავად იყენებენ ტერმინს peacemaking. ფართო გავრცელება კი ჰპოვა ტერმინმა „მშვიდობის მხარდაჭერა“ (peacekeeping). გამოიყენება ტერმინი „მშვიდობის მშენელობაც“ (peacebuilding), რომელიც სამეცნიერო წრეში წამყვანმა ნორვეგიელმა კონფლიქტოლოგმა იოჰან გალტუნგმა დანერგა და მოგვიანებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბუტროს გალიმ თავის მოხსენებაში „დღის წესრიგი მშვიდობისთვის“ (1992 წელი) გამოიყენა.
შინაარსობრივი განსხვავება ამ ტერმინების უკავშირდება სამშვიდობო ოპერაციების სხვადასხვა ტიპებს, რომელიც კონფლიქტის სხვადასხვა ფაზებს შეესაბამება. მაგალითად, პირველ ეტაპზე საუბარია მშვიდობის დამყარების ოპერაციებზე (peacemaking), შემდეგ მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციებზე (peacekeeping), და ბოლოს, პოსტკონფლიქტურ მშვიდობისმყოფელობასა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე (peacebuilding).
ლიტერატურა
რედაქტირება- Maire A. Dugan. Peace Studies at the Graduate Level. 1989
- John Maynard Keynes. The Economic Consequences of the Peace. 1920
- Holly Abrams. "Peace studies pioneer dies at 77". The Journal Gazette. 2010
- Peter Wallensteen. States in Armed Conflict 1988. Uppsala University: Department of Peace and Conflict Research Report 30.
- Ian Harris. Carol Rank. Larry Fisk. Peace Studies in the West. Peace Education Reports No. 16. Lund Univ. Malmo (Sweden). 1998
- Oliver Ramsbotham, Tom Woodhouse, Hugh Miall. Contemporary Conflict Resolution: The Prevention, Management and Transformation of Deadly Conflicts. Polity, 2005
- Johan Galtung. A Structural Theory of Imperialism. International Peace Research Institute, Oslo. 1971
- Galtung J. Three approaches to peace: peacekeeping, peacemaking and peacebuilding. In Peace,War and Defence. Essays in Peace Research. Vol. 2, 282—304. Copenhagen: Christian Ejlers,1975
- Goodman L., Mandell B. International Conflict Resolution for the XXI century: PreparingTomorrow's Leaders. — Association of Professional Schools of International Affairs, August1994