კონსტანტინე მარკოზაშვილი

კონსტანტინე გიორგის ძე მარკოზაშვილი (? — გ. 26 ივნისი, 1921, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის სამოქალაქო ომის (1918-1923) მონაწილე.

1918 წლიდან შეუერთდა რუსეთის წითელ არმიას. აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლებში უკრაინის სამხრეთში და ყირიმში; მეთაურობდა ყირიმის 1-ლი საბჭოთა დივიზიის კავალერიის პოლკს, შემდეგ ბრიგადას. 1920 წლის მაისში, როდესაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ე. წ. აზერბაიჯანის და ოსეთის ფრონტებზე ახორციელებდა, მარკოზაშვილი გაიგზავნა ვლადიკავკაზში წითელი არმიის კავკასიის მე-2 საკავალერიო დივიზიის მეთაურად. დივიზია ჩამოყალიბების პროცესში იყო და საბჭოთა ხელისუფლების გეგმით მასში ეთნიკურად ქართველი მებრძოლების რეკრუტირება უნდა მოეხდინა. 1920 წლის ივნისში საბჭოთა სარდლობამ მარკოზაშვილს ბრალად დასდო, რომ ის ადგილობრივი ქართველების გავლენის ქვეშ მოექცა და დივიზიის საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნის შემთხვევაში, მას საქართველოს მხარეზე გადასვლა ჰქონდა განზრახული. სასწავლო შეკრებაზე გაყვანილი ქართველი წითელარმიელები განაიარაღეს, ხოლო მარკოზაშვილი დააპატიმრეს. მოსკოვში ეტაპირებისას, სადგურ ბესლანში, გაქცევა მოახერხა და თავი საქართველოს შეაფარა.[1] მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ 1921 წელს.[2] იმავე წლის ივნისში საბჭოთა საგანგებო კომისიამ დააპატიმრა და ღალატის ბრალდებით დახვრიტა.[3]

  1. ხვადაგიანი დავით, კავკაველი: საიდუმლო ომი დარიალის კართან, „რესპუბლიკა 100“, 2021 (შენიშვნა: სტატიაში მარკოზაშვილი შეცდომით იხსენიება ნიკოლოზის სახელით).
  2. გაზ. „თავისუფალი საქართველო“, №5, – 10 აგვისტო, 1921, – გვ. 7-8 (შენიშვნა: სტატიაში მარკოზაშვილი შეცდომით იხსენიება პეტრეს სახელით).
  3. გაზ. „კომუნისტი“, №95, – 29 ივნისი, 1921. – გვ. 2.