კონსტანტინე ამილახვარი
კონსტანტინე ამილახვარი (დ. 1901 გ. 4 ივლისი, 1943) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1906 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ამილახვრის ოჯახში დაიბადა საფრანგეთის მომავალი ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი. გიორგის ჰყავდა უფროსი ვაჟიც 1901 წელს საქართველოში დაბადებული კონსტანტინე. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ამილახვრების ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. გიორგიმ ქართულ არმიაში დაიწყო სამსახური და სახელიც მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა და ერთ-ერთმა საუკეთესო კავალერისტმა. სამწუხაროდ, 1921 წლის ცნობილი მოვლენების გამო, ის კვლავ იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად უცხოეთში გადახვეწილიყო. ასე აღმოჩნდნენ ამილახვრები სტამბოლში, საიდანაც ადგილობრივი ქართული სათვისტომოს დახმარებით, 1922 წელს საფრანგეთში წასვლა მოახერხეს. გიორგი ამილახვარმა ორივე ვაჟი სენ-სირის ცნობილ სამხედრო სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგაც, დიმიტრიცა და კონსტანტინეც საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ ჩაირიცხნენ. კონსტანტინე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველი ემიგრაციის მემარჯვენე ფრთასთან, პირადად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც.
1940 წელს გერმანელების მიერ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილისა და პარიზის ფაქტობრივად უბრძოლველად ოკუპაციის შემდეგ, პარიზში მყოფი კონსტანტინე, რამდენაცადაც, სტალინისა და ბოლშევიკების ჯავრი სჭირდა „მოხალისეთა ლეგიონში“ ჩაეწერა. შესაძლებელია კონსტანტინემ ბოლშევიკთა წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა იმიტომაც უფრო მოიწადინა, რომ პარიზში მყოფ რძალსა და ძმისშვილებს გესტაპოსთან პრობლემები არ შეჰქმნოდათ დიმიტრი ამილახვრის ნორვეგიაში, ნარვიკთან გამართული ბრძოლის დროს გამოჩენილი გმირობის გამო. „ფრანგ მოხალისეთა ლეგიონი“, რომლის შემადგენლობაშიც 15 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა, აღმოსავლეთის ფრონტზე 1941 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ლეგიონში კონსტანტინე ამილახვარი მზვერავთა ასეულის მეთაურად გაამწესეს.
სირიის დედაქალაქ დამასკოს აღებისას გამოჩენილი გმირობისთვის დიმიტრი ამილახვარს ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს. პეტენის კოლაბორაციონისტულმა რეჟიმმა კი დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი „საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის.“ ამ დროს კი კონსტანტინე ამილახვარი ბუკოვინაში „წითელ“ პარტიზანებს ებრძოდა. ერთ დღეს ის ქალაქ ლვოვში, გესტაპოს ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს და ძმის შესახებ ყველაფერი გამოჰკითხეს.
. სინამდვილეში, დიმიტრისა და კონსტანტინეს ერთმანეთთან უთანხმოება არასოდეს ჰქონიათ, თუმცა 1940 წლიდან მართლაც აღარ შეხვედრიან და არც წერილობით შეხმიანებიან ერთმანეთს. კონსტანტინე „ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის“ ოფიცერი იყო და გესტაპოს განსაკუთრებული ყურადღება მანამდე არც დაუმსახურებია. ამიტომაც, მას იოლად ენდნენ და არ დაუპატიმრებიათ, თუმცა ფარული თვალთვალი კი დაუწესეს. 1942 წლის შუა ხანებში გესტაპომ მისი ფარული თვალთვალი შედარებით შეასუსტა. კონსტანტინემ ამით ისარგებლა და თავის ერთ-ერთ ერთგულ მეგობარს რძალი და ძმისშვილები პარიზიდან, ბელგიის გავლით, ბრიტანეთში გადააყვანინა. დიმიტრიმ ეს ამბავი ჩრდილოეთ აფრიკაში სწორედ იმ წუთებში შეიტყო, როცა ლიბიის ქალაქ ბირ-ჰაქეიმთან საფრანგეთის „უცხოური ლეგიონი“ და ბრიტანული არმია გერმანულ შეიარაღებულ ძალებს უტევდნენ.
კონსტანტინე ამილახვრის ასეული კი უკრაინაში ისევ „წითელ“ პარტიზანებს ებრძოდა. ასეულის წევრები „მონადირეთა“ სახელით იყვნენ ცნობილნი და, როგორც უკვე ითქვა, მათ პარტიზანთა მოქმედების არეალში დაზვერვითი სამუშაო ევალებოდათ. კონსტანტინე ამილახვრის შესახებ საბჭოთა კონტრდაზვერვის ორგანომ ე.წ. „სმერშმა“ მალე მოიპოვა ინფორმაცია და კვალშიც ჩაუდგა, მაგრამ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი ქართველი ოფიცრის მოხელთება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ „სმერში“ და პარტიზანები ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ და კონსტანტინე ამილახვარს ათასგვარ ხაფანგს უგებდნენ, საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს, ქართველ ოფიცერს სიკვდილი თითქოს თავად გაურბოდა. სულ მალე, საბჭოთა კონტრდაზვერვის მცდელობით ლვოვის გესტაპოს განყოფილებას ინფორმატორებმა ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს: "კონსტანტინე ამილახვარი შარლ დე გოლისა და საბჭოთა კონტრდაზვერვის ერთობლივი აგენტია, რის დასადასტურებლადაც მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება". გესტაპომ ამილახვარს ისევ ფარული თვალთვალი დაუწესა, მაგრამ ცხადია, ვერაფერი დაუმტკიცა. საბოლოოდ, ის ლვოვიდან გამოიძახეს. „ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის“ ბანაკი ქალაქ ლვოვიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. გესტაპოელებმა კონსტანტინეს მანქანით თავადვე მიაკითხეს. ამილახვარს, რომელმაც სახელგანთქმული ძმის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ლვოვში წაყოლაზე, ცხადია, უარი არ უთქვამს. ქალაქისკენ მიმავალ მანქანას გზაში პარტიზანები დაესხნენ თავს. შეტაკებას ყველა გესტაპოელი შეეწირა, ხოლო კონსტანტინე ამილახვარი მძიმედ დაიჭრა. „ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის“ ბანაკში სროლის ხმის გაგონებისთანავე განგაში გამოცხადდა — ლეგიონერები უმალვე შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ. პარტიზანები მოიგერიეს, მძიმედ დაჭრილი კონსტანტინე ამილახვარი კი სასწრაფოდ პარიზში გაგზავნეს, სადაც ის 1943 წლის 4 ივლისს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახვდედიანი, ნინო. ჯარისკაცი // პარაკლისი და დაუჯდომეოი წმინდა იოთამ ზედგინიძისა, მეფისთვის თავდადებულისა; ამილახვრები/ ნინო ამილახვარი. თბ., 2013. გვ. 179.