კონრად ერნსტ აკერმანი
კონრად ერნსტ აკერმანი (გერმ. Konrad Ernst Ackermann; დ. 1712 [მოინათლა 4 თებ.], შვერინი, მეკლენბურგი, — გ. 13 ნოემბერი, 1771, ჰამბურგი) — გერმანელი მსახიობი და თეატრის მმართველი.
1730-იან წლებში თან ახლდა რუსეთის სამსახურში მყოფ გენერალ მინიხს ოსმალებთან ომში. 1740 წლიდან აქტიურ თეატრალურ მოღვაწეობას შეუდგა. მსახიობობას სწავლობდა ლიუნებურგის თეატრში, რომელიც ფრანგული პიესების გერმანულად ადაპტირებაზე მუშაობდა. შემდგომში ჩამოაყალიბა საკუთარი დასი და 1750-იან წლებში გასტროლებით ევროპის ბევრი ქვეყანა მოიარა. 1755 წელს გახსნა თეატრი კენიგსბერგში — პირველი კერძო თეატრი გერმანიაში. ცნობილი გახდა ე.წ. ბიურგერული დრამებით და როლებით, რომლებშიც ერთმანეთს კომიკურ და სენტიმენტურ ხასიათს უზავებდა. 1765 წელს ჰამბურგში გახსნა გერმანიის პირველი ეროვნული თეატრი, რომლის მმართველობაც გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ გერს — ფრიდრიხ შრედერს (1744-1816) გადააბარა, ამ უკანასკნელმა კი გერმანულ სცენაზე პირველად შეიტანა შექსპირი.