კოლექტიური მეხსიერება

კოლექტიური მეხსიერება (ინგლ. Collective memory) — საერთო მეხსიერება, რომელიც გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ. ტერმინი „კოლექტიური მეხსიერება“ ეკუთვნის ფრანგ სოციოლოგს მორის ჰალბვაქსს, რომელმაც ის ინდივიდუალური მეხსიერებისგან განასხვავა.

კოლექტიური მეხსიერება ემყარება რეპრეზენტაციული ფორმების მუდმივ წარმოებას. კონკრეტული ნარატივები და ხატები მუდამ განიცდის კვლავწარმოებას და ფორმირებას.

ჰალბვაქსის შემდეგ კოლექტიური მეხსიერების ცნება სხვადასხვა კუთხით იქნა დამუშავებული და გავრცობილი. მაგალითად, ჯეიმზ იანგმა კოლექტიური მეხსიერების ნაცვლად შემოიტანა დაგროვილი მეხსიერების (Collected memory) ცნება. ამით მან ხაზი გაუსვა მეხსიერების ფრაგმენტულ, დაგროვილ და ინდივიდუალურ არსს. იან ასმანმა განავითარა კომუნიკაციური მეხსიერების ცნება, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი სახე, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციას ეფუძნება. მეხსიერების ეს ფორმა კოლექტიურ ხასიათს ზეპირი ურთიერთგაცვლის (ორალური ისტორიის) პროცესში იღებს. ასმანის მიერ გამოყოფილი კოლექტიური მეხსიერების მეორე ფორმა არის ყოველდღიურობიდან გამოყოფილი კონკრეტული, მატერიალიზებული და ფიქსირებული ობიექტივები, მაგალითად, ტექსტები და მონუმენტები. იან ასმანმა განავითარა ასევე ტერმინი კულტურული მეხსიერება.

ამერიკელი სოციოლოგის ევიათარ ზერუბაველის აზრით, კოლექტიური მეხსიერება საერთოა ოჯახებისათვის, ეთნიკური ჯგუფებისათვის, ნაციებისათვის და სხვა მნემონიკური ერთობებისათვის. კოლექტიური მეხსიერება არ არის რომელიმე ერთობის წევრთა პირადი მოგონებების უბრალო ერთობლიობა. ის მოიცავს იმ მოგონებებს, რომლებიც საერთოა ერთობის, როგორც ჯგუფის, ყველა წევრისათვის.

ჯ. ვერჩის თანახმად, კოლექტიური მეხსიერება არის მეხსიერება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ხასიათის მოთხრობებით, ნარატივებით. შესაბამისი ტექსტები (ანალები, ქრონიკები, სკოლის სახელმძღვანელოები და ა.შ.) განიხილება, როგორც ინსტრუმენტები კოლექტიური დამახსოვრებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Olick, Jeffrey K., Vered Vinitzky-Seroussi, and Daniel Levy, eds. The Collective Memory Reader. Oxford University Press: 2011.
  • Prucha, Francis Paul. Handbook for Research in American History: A Guide to Bibliographies and Other Reference Works. University of Nebraska Press: 1987
  • Encyclopedia of American Social History. Ed. Mary Clayton et al. 3 vols. New York: Scribner, 1993.
  • Blazek, Ron and Perrault, Anna. United States History: A Selective Guide to Information Sources. Englewood, Colorado. Libraries Unlimited: 1994