ვიქტორ კოკოჩაშვილი

ქართველი ქიმიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან კოკოჩაშვილი, ვიქტორ)

ვიქტორ კოკოჩაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1904, ქუთაისი — გ. 17 აპრილი, 1986) — ქართველი ქიმიკოსი.

ვიქტორ კოკოჩაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვიქტორ ივანეს ძე კოკოჩაშვილი დაიბადა 1904 წლის 12 ნოემბერს (ძველი სტილით 30 ოქტომბერი) ქალაქ ქუთაისში პროვიზორისა და პედაგოგის ოჯახში. 1922 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებაზე, რომელიც 1928 წელს დაამთავრა. 1927-1928 წლებში ვიქტორ კოკოჩაშვილი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტად, 1931 წელს ვიქტორ კოკოჩაშვილი დაინიშნა ქალაქ დნეპროპეტროვსკის ქიმიო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტად. 1936 წელს მას მიენიჭა ქიმიის მედიცინათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი დისერტაციის დაცვის გარეშე აირად ფაზაში ფოტოქიმიური რეაქციების კვლევაში. 1953-1973 წლებში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის უცვლელი კათედრის გამგე. 1943 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წყალბადისა და ბრომის ნარევების წვის მოვლენის შესწავლა“. 1944 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1961 წელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1968 წელს დაჯილდოვდა თსუ საიუბილეო და 1976-1980 წლებში ივანე ჯავახიშვილის მედლებით. 1986 წლის 17 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ვიქტორ კოკოჩაშვილს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქიმიური კინეტიკის დარგში და ითვლება საქართველოში ქიმიური კინეტიკის, როგორც სამეცნიერო მიმართულების დამფუძნებელი. იგი იყო ნობელის პრემიის ლაურეატის ნ.ნ სემიონოვის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყალბადისა და ქლორის ფოტოქიმიური რეაქციის კინეტიკის კვლევისას აღმოაჩინა სარეაქციო ჯაჭვების ურთიერთქმედება მაღალი ინტენსივობის სინათლეზე. დაადასტურა გოგირდის ანჰიდრიდის ფოტოქიმიური გარდაქმნის პროცესში არაგანშტოებულ ჯაჭვურ რეაქციაში აალების სითბური ბუნება. ნახშირწყალბადის ქლორირების რეაქციის შესწავლისას აირად ფაზაში განსაზღვრა ელემენტარული რეაქციების სიჩქარეთა მუდმივები, რის საფუძველზე აღმოჩენილ იქნა კავშირები ნივთიერების აღნაგობასა და რეაქციაში შესვლის უნარს შორის. წყალბადისა და ბრომის აირად ფაზაში რეაქციის შესწავლამ კი, ექსპერიმენტულად დაადასტურა კინეტიკის სკოლის მიღწევები აალებასა და წვაზე. აღმოაჩინა ალის ფრონტის არამდგრადობა და ჩამოაყალიბა მისი თეორია (1951 წელი).

ვიქტორ კოკოჩაშვილი არის 85 სამეცნიერო შრომისა და 24 სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი (1949-88), მათ შორისაა:

  • ფიზიკური ქიმიის სამტომეული (1972-76 წლები)
  • არაორგანული ქიმიის კურსი ორტომეული (1988 წლები)
  • ქიმია უმაღლეს სასწ. შემსვლელთათვის (7 გამოცემა 1964-83 წლები)
  • ვახტანგ VI „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის“ (1981 წლები)

ვიქტორ კოკოჩაშვილის ხელმძღვანელობით თსუ ფიზიკური კვლევის კათედრაზე დაცული იქნა ათეულობით საკანდიდატო დისერტაციები. ვიქტორ კოკოჩაშვილი წლების მანძილზე იყო თსუ ქიმიის ფაკულტეტის ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება