კოზმანის ციხე
კოზმანის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამაშუკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით კოზმანის მთაზე. მთის აღმოსავლეთი ნაწილი პიტალო კლდეს წარმოადგენს, ხოლო დასავლეთიდან იგი მთლიანად მოვაკებულია, საიდანაც ხდება ამ მთაზე მისვლა. ციხე კოზმანის ეკლესიიდან დაშორებულია 100-150 მეტრით.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებამთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კლდის პირას შემორჩენილია ციხის კედლის ნანგრევები. ციხე ნაგები ყოფილა ძირითადად მცირე ზომის ყორე ქვით კირის დუღაბზე. გამოყენებული იყო აგრეთვე საკმაოდ მოზრდილი ქვის კვადრები, რომელიც შემორჩენილია ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამ მხარეს გალავნის გარეთ შემორჩენილია კლდეში ამოჭრილი ორმო, რომელშიც ქვევრი იყო ჩადგმული, დღეისათვის იგი დამტვრეულია. ციხის შიდა ტერიტორიაზე შეიმჩნევა რამდენიმე ნაგებობათა ნაშთი, ერთ-ერთი წყლის რეზერვუარი უნდა იყოს.
ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე არის ორი სათავსო, რომლებიც ნახევრად მიწაშია ჩაფლული და რომელთა სრულად გამოსავლენად არქეოლოგიური გათხრებია საჭირო.