კობის ეკლესია
კობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კობში, თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა (10,3x8,2 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ქვით, კონსტრ. ნაწილები, კონსტრ. ნაწილები, გარეთა კუთხეები, კარსარკმლების წირთხლები და თაღები — სუფთად გათლილი, წესიერი მოხაზულობის ქვით. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. 1982-1983 წლებში, სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანელი ნ. მინდორაშვილი). გამაგრდა კედლების დაზიანებული ნაწილები, აღდგა კარიბჭეების სახურავები, მოიხსნა გვიანდელი დანამატები, კეთილ-მოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
ეკლესიის გეგმის ბირთვი გუმბათქვეშა კვადრატია. მას ერთვის სამი სწორკუთხა მკლავი და აფსიდიანი უბემო საკურთხეველი. დასავლეთ-სამხრეთით და ჩრდილოეთით, მკლავების წინ გეგმით სწორკუთხა (3x2 მ) კარიბჭეა, რომელიც შესაბამის მკლავს განიერი და მაღალი, თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. მკლავები მცირე სიღრმისაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თითქმის ორჯერ უფრო ღრმაა. ვიდრე სამხრეთისა და ჩრდილოეთისა. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ 0,7 მეტრით მაღალია, განათებულია ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი, შიგნით თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმლით. აფსიდის ბოლოებთან თითო ნახევარწრიული და მაღალი, თაღოვანი ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში პილასტრისებრი შვერილებია. რომლებსაც ნახევარწრიული ფორმის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრები დასრულებულია საკმაოდ მაღალი პროფილირებული კაპიტელებით. მსგავსი პილასტრებია დასავლეთის მკლავის კუთხეებშიც. რომლებსაც დასავლეთის კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატზე აღმართულია შიგნით წრიული და გარედან თორმეტწახნაგა გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ოთხივე კუთხეში მოწყობილი აფრისმაგვარი კონსტრუქცია. გუმბათის ყელს საფუძვლის დონეზე მკვეთრად შვერილი სალტე გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი განიერი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი ეკლესიის სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავების ღერძებზეცაა. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა მოწყობილი. ჩრდილოეთის მკლავში — პატრონიკეზე ასასვლელი კიბე.
ეკლესიის სამივე კარიბჭე ფართო თაღითაა გახსნილი. გვერდის კედლებში მათ თითო თაღოვანი სარკმელი აქვთ. კარბჭეები შიგნით გადახურულია ცილინდრუი კამარით, გარედან — თუნუქის ორფერდა სახურავით.
ეკლესიის გეგმის ჯვრული მოხაზულობა გარე მასებშიდაცაა გამოვლენილი. დასავლეთის მკლავის ფრონტზე, წყობის შეღრმავებით, დაბალი ჯვარია გამოსახული. გუმბათის ყელი დაბალი და განიერია. ყელის თითოეული წახნაგის სიბრტყე მცირე საფეხურითაა შეღრმავებული. წახნაგები ქვემოდან და ზემოდან შემოფარგლულია გუმბათის ყელის მცირედ შვერილი სწორკუთხა სარტყლით. აღმოსავლეთ, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ წახნაგებზე დაბალი, თაღოვანი სარკმლებია, დანარჩენ წახნაგებზე — ცრუ სარკმლები. წახნაგების თავზე დაბალი ფიზია, რომელიც კვადრატული შეღმავებების მწკრივითაა გაფორმებული. ფრიზის ზემოთ მარტივი პროფილის ლავგარდანია. მსგავსი პროფილის ლავგარდნითაა დასრულებული ეკლესიის კედლებიც. შენობა გადახურულია თუნუქით.
ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე, დგას გეგმით კვადრატული (4x4 მ) ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლო მთლიანად ფიქლის ქვითაა ნაგები — წყობა დაუდევარია. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთიდან. კარი ხის ძელებით თარაზულადაა გადახურული. სართულის სამხრეთ კედელში მოზრდილი სწორკუთხა ნიშია. სამრეკლოს მეორე სართული ოთხწახნაგა ფანჩატურია. თითოეულ წახნაგში თითო განიერი, მაღალი, სწორკუთხა ღიობია. სამრეკლო გადახურულია თუნუქით შემოსილი ხის პარამიდული სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 465.