კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)
კირილე I (გ. 444) — ალექსანდრიის პატრიარქი (412-444), მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 იანვარი და 9 ივნისი, ახალი სტილით - 31 იანვარი და 22 ივნისი.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმინდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმინდანი და, როდესაც მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. იგი სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
კირილე დიდხანს ებრძოდა იუდეველებსაც, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მკვლელობების თანხლებით. (სოკრ. VII:13)
მის ერთ-ერთ ქმედებას ებრაელთა წინააღმდეგ ისტორიკოსი ედვარდ გიბონი ასე აღწერს:
„ყველანაირი ლეგალური განცხადების, საიმპერატორო მანდატის გარეშე, პატრიარქმა, გარიჟრაჟზე წაიყვანა ბრბო რომ შეეტიათ სინაგოგებისთვის. უიარაღოებმა და მოუმზადებლებმა, ებრაელებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა; მათი სალოცავი სახლები მიწასთან გაასწორეს, ხოლო ეპისკოპოსმა, მას შემდეგ რაც დააჯილდოვა თავისი მეომრები, გაყარა ებრაელთა დარჩენილი ნაწილი ქალაქიდან.“ - („რომის დაცემა“, თავი 47)
მან ასევე ძველი საკერპოს ადგილას ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა.
წმინდა კირილეს დროს მოხდა ცნობილი ფილოსოფოსი და მეცნიერი ქალის ჰიპატიას მკვლელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ალექსანდრიის პრეფექტმა ორესტემ გააკრიტიკა (ვესელი, გვ. 34) პატრიარქი ებრაელთა დარბევაზე და ზოგადად ამგვარ საქციელებზე; რაც შემდგომ კინაღამ სიკვდილის ფასად დაუჯდა. 500-მდე ნიტრიელი ბერი ჩამოვიდა უდაბნოდან და ორესტეს წინააღმდეგ აჯანყება გააღვივეს. შემდეგ ისინი ორესტეს წინ დაუხვდნენ და ბრალი დასდეს წარმართობაში, რაზეც ორესტემ უარი განაცხადა და უთხრა, რომ იყო მონათლული ეპისკოპოს ატიკის მიერ. რის მერეც ერთ-ერთმა ბერმა ამონიუსმა მას თავში ქვა ესროლა, შემდეგ ხალხი მოვარდა და ორესტე ჩაქოლვას გადაარჩინეს. საპასუხოდ მან ამონიუსი მოკლა, რასაც მოჰყვა წმინდა კირილეს მიერ ამ ბერის მარტვილთა სიაში შეტანა, თუმცა ქრისტიანმა მოსახლეობამ იცოდა, რომ ამონიუსი მოიკლა არა რწმენის, არამედ პრეფექტზე თავდასხმის გამო და კირილეც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. (სოკრ. VII:14)
ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალი ჰიპატია, ფილოსოფოს თეონის შვილი, რომელმაც იმხელა ცოდნა დააგროვა ლიტერატურასა და მეცნიერებაში რომ თავის დროის ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლებოდა ამ სფეროებში. მიუხედავად წარმართობისა, მისი სათნოების გამო ქრისტიანებიც დიდ პატივს სცემდნენ. იგი პოლიტიკური მაქინაციების მსხვერპლი გახდა. რადგან ხალხი მას პრეფექტ ორესტესთან ერთად ხშირად ხედავდა, იფიქრეს რომ მისი ბრალი იყო წმ. კირილესთან ორესტეს ოპოზიცია, ამიტომ თავს დაესხნენ და სასტიკი წამებით მოკლეს. (სოკრ. VII:15) ისტორიკოსთა უმეტესობა გამორიცხავს წმინდა კირილეს უშუალო მითითებას ჰიპატიას მკვლელობაზე. ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო ამ დროს ალექსანდრიაში როდესაც წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა.
ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მოძღვრების გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი სწავლება მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ ნესტორმა არ უარყო თავისი სწავლება. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, იმპერატორ თეოდოსი უმცროსს კი (408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა ბრძოლა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ, თვით ნესტორის თანდასწრებით, საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა.[1] მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა უმისოდ დაიწყო. მათ, წმინდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით, განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
მალე კირილე და მემნონი გაათავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც აღესრულა. საბოლოოდ, ეფესოს კრების დადგენილებას დამორჩილდნენ იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც.
მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან.
კირილე და იოანე ოქროპირი
რედაქტირებაალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმინდა კირილეს ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც იგი განსაჯა. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 17 თებერვალს) არაერთხელ მიმართა კირილეს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიქში შეეტანა, მაგრამ ამაოდ. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, ძილში კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როდესაც შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის“. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით“, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი. ამის შემდეგ კირილემ შეინანა იოანე ოქროპირის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.