ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კინცუგი (金継ぎ, „ოქროს სადურგლო“), ასევე ცნობილი, როგორც კინცუკუროი (金繕い, "ოქროს შეკეთება") - დამსხვრეული ჭურჭლის შეკეთების იაპონური ხელოვნება, რომელშიც ნატეხების გამთელება ხდება ოქრო, ვერცხლი ან პლატინაშერეული ლაქით. ეს მეთოდი მსგავსია მაკი-ე ტექნიკის. [1]

კინცუგით გამთელებული ჯამი
 
აშიკაგა იოშიმასა

კინცუგის ისტორია XV საუკუნიდან, მურომაჩის პერიოდიდან იწყება. ერთ-ერთი ვერსიით ის ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც იაპონელ სიოგუნის/სამხედრო ლიდერს, აშიკაგა იოშიმასას საყვარელი ჩაის ჯამი გაუტყდა და ის შესაკეთებლად იაპონიიდან ჩინეთში გაგზავნა. მაშინ შეკეთების ტექნიკა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო და იაპონელ სამხედროს ჯამი უხეში მეტალით გაუმთელეს. როგორც აღმოჩნდა, ჭურჭლის გამთელება შეუძლებელი იყო, მაგრამ აშიკაგამ იმედი არ დაკარგა და ჯამი შესაკეთებლად იაპონელ ხელოსნებსაც მიაბარა. ხელოსნები გაოცდნენ როცა აშიკაგას სიმტკიცე დაინახეს და გადაწყვიტეს ჭურჭელი სამკაულად ექციათ - ნაპრალები ლაქით და დაფხვნილი ოქროთი ამოევსოთ. სწორედ ასე შეიქმნა კინცუგი, ამ ლეგენდის თანახმად. ისტორია დამაჯერებლად ჟღერს, რადგან ეს პერიოდი იაპონიის ისტორიაში ხელოვნებისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. იოშიმასას მმართველობის დროს განვითარდა კულტურული მიმდინარეობა ჰიგაშიამა ბუნკა, ასევე ამ დროს დაიწყო ჩაის ცერემონიების ჩატარება, იკებანას, ანუ ყვავილების მოწყობის ტრადიციების აღსრულება და სხვა.[2][3][4]


მე-17 საუკუნეში კინცუგი იაპონიაში უკვე გავრცელებული პრაქტიკა იყო, მას საყოველთაოდ იყენებდნენ კერამიკის შესაკეთებლად და დეკორაციების შესაქმნელად. [5]

 

კინცუგის ფილოსოფიური საფუძვლები

რედაქტირება

აღსანიშნავია ის, რომ კინცუგი არა უბრალოდ ხელოვნება, არამედ ფილოსოფიური საფუძვლების მქონე ტექნიკაა. ის გახლავთ ძენ ბუდიზმის და ვაბი-საბის ფილოსოფიების ერთგვარი გამოვლინება. ეს ფილოსოფიები გულისხმობენ სილამაზის პოვნას არასრულყოფილებაში, სიმარტივეში და სიძველეში, ისინი პატივს სცემენ იარებს, ნაკლოვანებებს და მათ სილამაზის ნაწილად აქცევენ. ეს ხდება კინცუგის შემთხვევაშიც, ის გახლავთ მეტაფორა იმისა, რომ ცხოვრებაში ყოველი დაცემის შემდეგ, შეგვიძლია ფეხზე წამოვდგეთ და გავხდეთ უფრო ახლებურები და უკეთესები ვიდრე მანამდე ვიყავით. მას შეუძლია გვასწავლოს ცხოვრების არასრულყოფილებების მიმღებლობა და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება.[6][2][7][3]

კინცუგის მიმართულებები

რედაქტირება

კინცუგი მოიცავს სამ მიმართულებას, ყველას შემთხვევაში სიცარიელის ამოსავსებად გამოიყენება ოქრო, ვერცხლი ან პლატინაშერეული ლაქი.

 

1.     სითხით ავსებენ მხოლოდ ბზარებს. ეს მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს სითხეს მინიმალურად იყენებენ.

2.     სითხე ავსებს გატეხილი ნივთის დაკარგულ ნაწილს.

3.     ამ დროს გატეხილი ჭურჭლის გარკვეულ ნაწილს ავსებენ სხვა ჭურჭლის ნატეხით.[5]

კინცუგი დღევანდელობაში

რედაქტირება

კინცუგი მრავალფეროვნების და ორიგინალურობის დიდ საშუალებას იძლევა. დღეს გარდა ჭურჭლისა, მის გამოყენებას სხვა ნივთებშიც შევხვდებით. მაგ: იაპონელმა მხატვარმა ტომომი კამოშიტამ კინცუგი საყურეების შექმნაში გამოიყენა[8], ელისა შიჰანმა ამ ხელოვნების სახით კვერცხის ნაჭუჭები წარმოგვიდგინა, რომელიც ოქროს ფოთლის ეფექტებითაც არის დაფარული[9], ბრუკრინელმა მხატვარმა რეიჩელ სუსმანმა კინცუგი ქუჩაში გადმოიტანა, ის ამ ტექნიკას იმ ბზარების ამოსავსებად იყენებს, რომელიც ურბანულ გარემოში ჩნდება[10], ბრაზილიელმა მხატვარმა ტატიანე ფრეიტასმა კი ძველი და ახალი სტილის სკამები კინცუგის ეფექტით შეაერთა. [11]

კინცუგის დაკავშირება ქართულ კულტურასთან

რედაქტირება

2019 წელს იაპონიაში ქართული ღვინის კულტურის გამოფენის ფარგლებში, ქართული და იაპონური კულტურები, ანა მიხაილოვა კეზელის ინიციატივით, საინტერესოდ დაკავშირდა. იაპონელ კერამიკოსებთან თანამშრომლობით, შედგა ქართული ქვევრის კინცუგის ტექნოლოგიით შეკეთება. დამუშავდა 300 წლის ქართული ქვევრი. მორიამა სენსეიმ კი ამ ორი კულტურის პოეტური დაკავშირება შექმნა: „საქართველო - ქვეყანა, რომელიც მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ყოველთვის აღდგება, როგორც კინცუგით გამთელებული ძვირფასი ნივთი“. [12]

  1. Definitions for kintsugi. DEFINITIONS
  2. 2.0 2.1 Kintsugi 金継ぎ. THE SCHOOL OF LIFE
  3. 3.0 3.1 Kintsugi by Karen Loomis. UMassAmherst
  4. Kintsugi: the art of precious scars. LIFEGATE
  5. 5.0 5.1 Kintsugi: The Centuries-Old Art of Repairing Broken Pottery with Gold. MY MODERN MET
  6. How the Japanese art of Kintsugi can help you deal with stressful situations. NBC NEWS
  7. Kintsugi: Japan’s ancient art of embracing imperfection. BBC TRAVEL
  8. Instagram, Tamomi Kamoshita
  9. Instagram, Elisa Sheehan
  10. Instagram, Rachel Sussman
  11. Instagram, Tatiane Freitas
  12. Facebook, Wines of Georgia
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კინცუგი“-დან