კვირიკე და ივლიტა
კვირიკე და ივლიტა — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 15 ივლისი, ახალი სტილით - 28 ივლისი, საქართველოში დღესასწაულს კვირიკობას უწოდებენ.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როდესაც უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როდესაც მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმინდანმა ახოვნად მიუგო:
„„მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!““
|
კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა:
ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა დაახლოებით 305 წელს. მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (ხს. 3 ივნისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.
კონდაკი
რედაქტირებამკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წმინდა ივლიტა
- კათოლიკური ენციკლოპედია
- წმინდა ივლიტა
- წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია დაარქივებული 2016-04-27 საიტზე Wayback Machine. , ტიკენჰემი, ინგლისი
- წმ. კვირიკე და ივლიტა დაარქივებული 2009-04-01 საიტზე Wayback Machine.