კვირიას ეკლესია
კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ართანის სამხრეთით, 0,7 კილომეტრზე, სოფელი სანიორედან ართანისკენ მიმავალი გზის პირას, სასაფლაოზე. თარიღდება გარდამავალი ხანით.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია გეგმით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით, რომელიც გარედანაც ნახევარწრიულია, ეკლესიის ძირითადი კორპუსისგან გამოყოფილია და დამოუკიდებელი სახურავი ხურავს. ჩრდილოეთიდან ეკლესიას ეკვრის თანადროული, მასზე ორჯერ უფრო მოკლე, სწორკუთხა სათავსი (4 x 3 მეტრი), რომლის აღმოსავლეთ კედელი დარბაზის აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა და, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. შენობა ნაგებია ნატეხი ქვითა და სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. შიდა კედლების წყობა შედარებით წვვრილი, შემთხვევითი ფორმის ქვისაა. გარეთა კედლების წობაში კი საშენი მასალა რამდენადმე დიფერენცირებულადაა გამოყენებული, თუმცა, მათ შორის საზღვარი მკვეთრად არ გამოიყოფა. კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი მომცრო, ნატეხი ქვითაა ამოყვანილი ზემოთა ნაწილების წყობაში კი უმეტესად მოზრდილი რიყის ქვებია გამოყენებული სამშენებლო მასალის ასეთი სხვაობა მშენებლობის პროცესში მეღებული ცვლილებების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ნაკერებს ავსებს და ნაწილობრივ, ქვებსაც ფარავს. შემორჩენილია გვიანდელი რემონტის კვალიც. ამ დროსაა ამოყვანილი სამკვეთლოს ჩრდილოეთ კედლის საპირე წყობის უმეტესი ნაწილი, დასავლეთ კედლის ზემოთა ნაწილები, საკურთხევლის შვერილის ლავგარდანი და სხვა. აღდგენილ ნაწილებში ქვა საკმაოდ წვრილია, წყობა კი - ტლანქი.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ შესასვლელი თარაზულადაა გადახურული და ორივე მხრიდან თაღოვანი თავი აქვს. თაღები ნაწყობია თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვებით და ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. მსგავსად იყო გადახურული სამხრეთი კარიც. მოგვიანებით, თაღები ამოუშენებიათ (შიგნიდან კარგად მოჩანს თაღის აღმოსავლეთ გვერდის წყობა), უფრო გვიან კი ღიობი დაუვიწროებიათ და შიგ ვიწრო, თაღოვანი კარი მოუწყვიათ, როგორც ჩანს, ამ დროსაა ამოშენებული დასავლეთ კარიც.
ეკლესიის დარბაზი შემაღლებულ პროპორციებშია გადაწყვეტილი. გეგმით იგი კვადრატს მიახლოებული დარბაზის გრძივი კედლებისგან თავისებურადაა გამიჯნული: ქვედა ნაწილში (იატაკიდან დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე) აფსიდი გრძივი კედლებისგან მხოლოდ ერთი საფეხურით გამოიყოფა, ზემოთ კი მხრები უკვე ორსაფეხურიანი. ამ საფეხურს ქმნის გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეებში გამოყვანილი, თითო, შეკიდული პილასტრი, რომლებზეც კამარის სავჯენი თაღია გადაყვანილი. ამ თაღის გარდა, კამარა დასავლეთ კედლის მიმდებარე. საბჯენ თაღსაც ეყრდნობა, თვით თაღი - კუთხის პილასტრებს. აფსიდს გარშემოუყვება საფეხური, რომლის შუაში, სარკმლის ქვემოთ, დადგმულია კუბური ფორმის ტრაპეზი. სარკმელი ვიწროა, მაღალი. შიგნიდან იგი ნახეარწრიული თაღითაა გადახურული, გარედან - ნალისებრით. მსგავსი ორი სარკმელი ეკლესიის სამხრეთ კედელშიცაა, რომლებსაც, აფსიდის სარკმლისგან განსხვავებით, ჰორიზონტალური ძირი აქვს. აღმოსავლეთ სარკმლის გვერდზე თითო, მცირე. სწორკუთხა ნიშაა.
ინტერიერი შელესილი ყოფილა. აქა-იქ შემორჩენილია ნალესობის, ქრონოლოგიურად განსხვავებული, ორი ფენა. გვიანდელი ფენის ერთ-ერთ ფრაგმენტზე შემორჩენილია ამოღარული, წვრილი ხაზები. შიგნით ეკლესია გადახურულია განახლეებულიმ ტლანქად ნაწყობი, ცილინდრული კამარით.
სამკვეთლო უაფსიდო, ცილინდრული კამარით გადახურული სათავსია განათებულია აღმოსავლეთ კედლის შუაში გაჭრილი სარკმლით, რომელიც ეკლესიის დანარჩენი სარკმლების მსგავასდ, შიგნიდან ნახევარწრიული, ხოლო გარედან ნალისებრი თაღითაა დასრულებული. სარკმლის გვერდებზე, თითო, მცირე ნიშაა.
ეკლესიის ფასადები სადაა კედლებიდან მხოლოდ საკურთხევლის შვერილია გაფორმებული - სარკმლის ქვემოთ, თევზიფსურად დაწყობილი, თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვებით გამოყვანილია ფართო, დეკორატიული ზოლი. კედლები დასრულებული იყო მარტივი პროფილის ლავგარდნით. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან, ლავგარდანს ჰორიზონტალური შემონაკეცები ჰქონია 2006-2007 წლებში სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესია შიგნიდან შელესეს, გარედან კი კრამიტით გადახურეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 153-154.