კვერნაულის პირველი ეკლესია
კვერნაულის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მოლამურისხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამოშილილია სახურავის ორივე კალთა, კედლების გარეთა პერანგი და კუთხეების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელები სამხრეთ კედლის დასავლეთ კედელში და დასავლეთ კედლის ღერძზეა. ორივე კარი გარედან გადახურულია დიდი ზომის ქვიშაქვით ხოლო შიგნით თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ნიშები კედლის სისქეში მოწყობილ, გეგმით ირეგულარული ფორმის სამალავებითაა დაკავშირებული. აფსიდის თაღი შეისრულ ფორმისაა. შეისრული ფორმისაა კამარის საბჯენი თაღიც. ეკლესიის ფასადები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით რომლის ნაწილები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელს შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 388.