კვარხითის წმინდა გიორგის ეკლესია
კვარხითის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია: გადახდილი აქვს სახურავი, მორღვეულია შესასვლელისა და აღმოსავლეთ სარკმლის გვერდის საპირე წყობა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილიანი მხრებით, რომლებიც თარო-იმპოსტით მთავრდება. იმპოსტზე ქვის სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია (ამოქოლილია), რომლის ქვემოთ, კედელთან ქვით ნაწყობი სატრაპეზოა. აფსიდის სამხრეთ კედელში მცირე სწორკუთხა თახჩაა, ჩრდილოეთ კედელზე ქვით ნაშენი ტუმბოა მოდგმული. თითო სარკმელი ეკლესიის ჩრდილოეთის (სანახევროდ ამოშენებულია) და სამხრეთის კედელშიცაა. დაახლოებით XVIII საუკუნეში ეკლესიის კედლები 0,5 მეტრით გააგანიერეს და შენობას ბანიანი საბრძოლო კოშკი დააშენეს. ეკლესიის კამარაში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დატანებულია კოშკში ასასვლელი ხვრელი. კოშკის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლის შუაში თაღოვანი ნიში-ბუხრებია. აღმოსავლეთ კედელში, ბუხრის ორივე ზედა მხარეს ვიწრო და მაღალი სარკმლებია. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ მხარეს სათოფურებია. კოშკის კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 75-76.