კეპლერ-22ბ

(გადამისამართდა გვერდიდან კეპლერ-22b)

კეპლერ-22ბ“ — ეკზოპლანეტა, რომელიც G ტიპის ვარსკვლავს კეპლერ-22 უვლის გარშემო. ის მოთავსებულია 620 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან და მდებარეობს გედის თანავარსკვლავედში. მისი აღმოჩენა მოხდა ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით. კეპლერ-22ბ პირველი პლანეტაა, რომელიც მზის მაგვარი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში იმყოფება.

მხატვრის წარმოსახვა კეპლერ-22ბ-ზე

აღმოჩენა

რედაქტირება

პლანეტის პირველი ტრანზიტი თავისი დედავარსკვლავის წინ დააფიქსირა კეპლერის ტელესკოპმა, როდესაც მეცნიერული ოპერაციების მესამე დღე იყო შუა 2009 წელს. მესამე ტრანზიტი 2010 წლის ბოლოსკენ შენიშნეს. დამატებითი მონაცემები, რათა დაემტკიცებინათ იგი პლანეტად, გაამყარა სპიცერის კოსმოსურმა და დედამიწაზე არსებულმა ტელესკოპებმა. 2011 წლის 5 დეკემბერს, მეცნიერებმა განცხადება გააკეთეს, სადაც კეპლერ-22ბ პლანეტად აღიარეს.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
ორი სისტემის ერთმანეთთან შედარება

კეპლერ-22ბ-ს რადიუსი დდამიწისად დაახლოებით 2,4-ჯერ აღემატება, ხოლო მისი მასა და ზედაპირის შედგენილობა უცნობი რჩება. მეცნიერების შეფასებით მისი მასა ნეპტუნის მასას უტოლდება (~35 დედამიწის მასა). სხვა ვარაუდებით, კეპლერ-22ბ „ოკეანის მსგავსი“ პლანეტაა. ის შეიძლება შევადაროთ წყლით მდიდარ ეკზოპლანეტას - GJ 1214b. თუმცა ეს უკანასკნელი კეპლერ-22ბ-სგან განსხვავებით, სასიცოცხლო ზონაში არ იმყოფება. მას თუ დედამიწის მსგავსი შედგენილობა ექნება, პლანეტის შიგნეულობაში მატერია ისე შეიკუმშებოდა, რომ მას ექნებოდა 40 დედამიწაზე მეტი მასა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მასის პლანეტას 7-ჯერ ძლიერი გრავიტაცია ექნებოდა, ვიდრე ჩვენს პლანეტას.

პლანეტის ორბიტის ბევრი პარამეტრი არაა ცნობილი. ცნობილია მხოლოდ მისი ორბიტალური პერიოდი, რომელიც დაახლოებით 290 დღეს შეადგენს და მისი დახრილობა, რომელიც დაახლოებით არის 90°. რაც შეეხება პლანეტის ორბიტის ფორმას, მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ეკზოპლანეტათა უმრავლესობა ცნობილია იმით, რომ მათ აქვთ ძალიან ელიფსური ორბიტა. ჩვნ მხოლოდ ვიცით ის, რომ მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი თავის დედავარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. თუ კეპლერ-22ბ-ს აქვს ძალიან წაგრძელებული ორბიტა, ის შეიძლება სასიცოცხლო ზონაში ძალიან ცოტა ხანი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე ტემპერატურათა უკიდურესი ცვალებადობები იქნება. ეს კი პლანეტას „არასტუმართმოყვარეს“ გახდის. იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ პლანეტის ორბიტის ფორმაზე, უნდა გამოვიყენოთ პლანეტის დეტექტირების სხვა მეთოდები, როგორიცაა რადიალური სიჩქარე. მართალია პლანეტის შესწავლისთვის ასეთი მეთოდები უკვე გამოიყენეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ სინამდვილეში რას შეადგენს პლანეტის ორბიტალური ექსცენტრისიტეტი, სამაგიეროდ მიიღეს უფრო ზუსტი მონაცემები ამ პლანეტის მასის შესახებ.

ზედაპირის შედგენილობა და ტემპერატურა

რედაქტირება

საშუალო მანძილი კეპლერ-22ბ-დან მის დედავარსკვლავამდე დაახლოებით 15%-ით ნაკლებია, ვიდრე მანძილი მზე-დედამიწას შორის. კეპლერ-22-ის სიკაშკაშე მზეზე დაახლოებით 25%-ით ნაკლებია. შედარებით მოკლე საშუალო დაშორებისა და დააბალი ვარსკვლავური სიკაშკაშის შეხამებით, პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს ზომიერი თუ ვივარაუდებთ, რომ პლანეტა არ განიცდის უკიდურესად შემწველ სათბურის ეფექტს. თუ აღმოჩნდა, რომ პლანეტას ძალიან ელიფსური ორბიტა აქვს, მისი ზედაპირის ტემპერატურა მუდმივად შეიცვლება (როდესაც ახლოს იქნება კკეპლერ-22-თან მაშინ აიწევს, ხოლო როცა შორს - დაიწევს). ასეთ შემთხვევაში სიცოცხლის გაჩენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება