კარლო გრიგოლია
კარლო ბესარიონის ძე გრიგოლია (დ. 14 მაისი, 1927, სენაკი, — გ. 2014) — ქართველი მოქანდაკე, თანამედროვე აბსტრაქტული ქანდაკების ფუძემდებელი საქართველოში.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს (პედაგოგები — ნიკოლოზ კანდელაკი, შოთა მიქატაძე). იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1991–1992). 1996 წლიდან საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციის პრეზიდენტი. ნამუშევრებში მკაფიოდაა გამოვლენილი მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სახეობრივი აზროვნება, მისწრაფება პლასტიკური ფორმის განზოგადებისაკენ. გრიგოლიას ძირითადი ნამუშევრებია: „მოხუცის პორტრეტი“ (1961), „ქალის პორტრეტი“ (1962), „ბიჭი“ (1964), „დიმიტრი ერისთავის პორტრეტი“ (1969), „პლასტიკური ფორმა“ (მარმარილო; ბიჭვინთა, 1970), „პლასტიკური ფორმა“ (სპილენძი; თბილისი, 1985) და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 156.