კართსოფლის მთავარანგელოზთა ეკლესია
კართსოფლის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლი კართსოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, თრუსოს ხეობის შუა წელზე. მდინერე თერგისა და სუათისის შესაყართან, მთის თხემზე. ეკლესიის ხეობის მთავარი სალოცავია, თარიღდება X საუკუნით. ადგილობრივ მკვიდრთთა ცნობით, ეკლესიის კარის თავზე ქართული წარწერა იყო, რომლის თანახმადაც, შენობის აგებისას 330 ფუთი მარილი დახარჯულა.
ეკლესია დარბაზულია (9,5x5,7 მ), ნაგებია ფიქლის მოზრდილი ქვით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან გადახურულია ტიმპანით. კარის თაღთან ახლოს, შელესილობაზე, შემორჩენილია ხელის მტევნის ანაბეჭდი. ნახევარწრიულის მსგავსი, უსწორმასწორო ფორმის აფსიდი დასრულებულია უსწორმასწორო ფორმის კონქით, აფსიდში მცირე ზომის, ბრტყლად გადახურული სარკმელია, მის ქვემოთ კედელზე ტრაპეზის ქვაა მიბჯენილი. სარკმლის მარცნივ მცირე სწორკუთხა ნიშია. აფსიდის კედელში, კონქის ქუსლის დონეზე. ჩადგმულია ორი ქვევრი. ასეთივე ორი ქვევრი დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის წინ დგას მართკუთხა ქვა, რომლის ცენტრში ამოკვეთილია ცილინდრული ფორმის ფოსო. ცილინდრული ფორმის კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა კონქის თაღს, დასავლეთ კედლისა და შუა საბჯენ თაღს. ეს უკანასკნელი გრძივი კედლების თითო ორსაფეხურიან პილასტრზე გადადის. პილასტრების პირველ საფეხურზე კედლის თაღებია გადაყვანილი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთით მდებარე თაღში, მცირე სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. დარბაზს ქვის საფეხური შემოუყვება. ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია (ზედა ნაწილში შელესილობა ამჟამად ჩამორეცხილია). ფასადზე სამივე სარკმელს ნახევარწრიული, რელიეფური თავსართი აქვს, სახურავი ორფერდაა. გადახურულია ფიქლის დიდი ფილებით. სახურავის კეხზე, აღმოსავლეთით, დგას ქვის ჯვარი.
ეკლესიას სამხრეთიდან ორი გვიანდელი მინაშენი ეკვრის. მათგან დასავლეთით მდებარე, რომელიც ეკლესიის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა, ბევრად უფო ადრინდელია აღმოსავლეთისაზე. ეს მინაშენი გეგმით ოთხკუთხაა (5x3 მ). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გადახურულია თარაზულად. აღმოსავლეთით ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, დასავლეთით — მცირე სწორკუთხა ნიში. სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში (გვიანდელია) კვადრატული ფორმის სარკმელია. გარედან, სარკმელთან ახლოს, წყობიდან, ფიქლის სამი ქვაა მიჯრით გამოშვერილი, რომლებითაც მათ ქვემოთ დაკიდებული ზარია გადახურული, აღმოსავლეთით მდებარე მინაშენიც (ამჟამად თითქმის დანგრეულია) გეგმით ოთხკუთხაა (4,8x2,8 მ). შესასვლელი (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი) სამხრეთიდან ჰქონია. გარედან, სამხრეთის კედლის დასავლეთ კიდესთან, მცირე ზომის სწოკუთხა ნიშია, რომლის გვერდით შელესილობაზე ხელის მტევნის ანაბეჭდია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 462.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 512