კარდანახის პირველი კოშკი
კარდანახის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში. კოშკი დგას სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, წარაფებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (6,44 X 5,5 მეტრი) შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი (სიმაღლით 5,1 მეტრი) და მასზე მიმდგარი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მცირე ნაწილი: დანარჩენი კედლების კვალიღაა შემორჩენილი. კოშკი ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. შიგნითა კედლები გასწორებულია ბათქაშით, რომელშც ალაგ-ალაგ აგურის ნატეხებია ჩართული. აღმოსავლეთ კუთხის შუაში გეგმით სწორკუთხა ბუხარია, გარდა ამისა ამ კედელში ხუთი სათოფური და ერთი მცირე ნიშაა, რომელშიც ჩადგმული ყოფილა თიხას ჭურჭელი (შემორჩენილია კვალი). სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ერთი სათოფურია, ჩრდილოეთისაში კი ორი. სამხრეთ სათოფურის ზემოთ სართულშუა გადახურვის კოჭის ჩასადგმელი ბუდეა.
კოშკის ჩრდილოეთით ასიოდე მეტრზე, იმავე ხანების მეორე კოშკის ნანგრევია. შემორჩენილია ოთხივე კედელი (სიმაღლე 2 მეტრი) კოშკი გეგმით კვადრატულია (6,6x6,6 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით და შიგნით მთლიანად მიწითაა ამოვსებული. აღმოსავლეთ კედელში სამი სათოფურია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში კი ორ-ორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 178.