კარატეს ჯვარი
კარატეს ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისოფელში. სალოცავში შედის დარბაზი, საქვაბე, საზარე, სასანთლე და დროშათა საბძანი. დარბაზი ფიქლით ნაშენი ნაგებობაა, შედგება სამი სხვადასხვა დანიშნულების სათავსისგან. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სწორკუთხა კარის საშუალებით ვხვდებით საბეროში - გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის სათავსში, რომლის კედლების გასწვრივ ქვის სკამებია. დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით იგი დარბაზს უკავშირდება. დარბაზი გეგმით ოთხკუთხა, მოზრდილი სათავსია, რომლის კედლების გაყოლებაზე ქვის სკამებია მოწყობილი. შუაში კერაა. კუთხეებში სიპი ქვების თაროებია.
დასავლეთით ორი მცირე ზომის თახჩაა დატანებული. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში გასასვლელია პატარა ოთახში, რომელიც ძველი საკოდე უნდა იყოს. ნაგებობა თუნუქის ორფერდა სახურავითაა გადახურული, მას კეხზე ლითონის მცირე ზომის გუმბათი ადგას. საქვაბე ფიქლის მშრალად ნაშენი, გეგმით წაგრძელებული ფორმის ნაგებობაა. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. სათავსში თავმოყრილი სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ჭურჭელი. გარედან, შენობის კედლების გასწვრივ, ქვის სკამებია მოწყობილი. შენობა გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. ჩრდილოეთიდან საქვაბეს აკრავს ფიქლით ნაგები ორი პატარა კოშკისებრი ნაგებობა - ლითონის გუმბათიანი საზარე და დროშათ საბძანი. დასავლეთით ასეთივე ზომის ნახევრად დანგრეული სასანთლეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 352.