კარატაელები
კარატაელები — დასავლეთ დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ანდიისყოისუს მარჯვენა შენაკადებზე ზღვის დონიდან 1800 მეტრზე ცხოვრობენ.
ისტორია
რედაქტირებაისინი ანთროპოლოგიურად კავკასიური რასის ტიპური წარმომადგენლები არიან. რაც შეეხება კარატაული ენა ჩრდილოეთ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ენათა შტოს ანდიურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. კარატაული ენა ორი დიალექტის (კარატაულის და ტუკიტიურის) შემცველია. ამ ენაში გამოიყოფა აგრეთვე რამდენიმე კილო-თქმა. კარატაელების დიდმა ნაწილი ფლობს ასევე, რუსულ და ხუნძურ ენებს, ბარში გადასახლებულებმა ასევე კარგად იციან ყუმუხური ენაც.
კარატაიში განვითარებული იყო მატყლის, ხის, ლითონისა და ქვის დამუშავება, ხოლო აქ რეწვას ძირითადად საოჯახო ხასიათი ჰქონდა, თუმცა კარატაულ მაუდს კავკასიის ფარგლებს გარეთაც ჰქონდა გასავალი. ხალხის სამეურნეო ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ბოთლიხის ბაზარს. კარატაელები ყიდდნენ (ცვლიდნენ) მაუდს, ფარდაგებს, ხურჯინებს, ნაქსოვ წინდებს, საუნაგირე ხალიჩებს, აგრეთვე ქურქებს, ტყავებს, ყველს, ერბოს. ყიდულობდნენ მარცვალს, სამჭედლო და სპილენძისაგან გამოჭედილ საგნებს, კერამიკულ ნაწარმს.
კარატაელთა მთავარი სატრანსპორტო საშუალებები იყო სახედრები, ცხენები და ჯორები.
აქ ცხენები და ჯორები საჯდომი და სასაპალნე ცხოველები იყვნენ, სახედრები კი მხოლოდ სასაპალნე. შემოდგომიდან გაზაფხულის დადგომამდე კარატაელთა დიდი ნაწილი გარე სამუშაოზე გადიოდა ზღვისპირეთის დაღესტანში, აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთის გუბერნიებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.
კარატაელთა ტანსაცმელი დაღესტნის სხვა ხალხების ტანსაცმელთა მსგავსი და ანალოგიური იყო. მამაკაცთა ტანსაცმლის აუცილებელი ატრიბუტი კი იყო ხანჯალი. აღსანიშნავია, რომ აქ მამაკაცები თავს იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს კი არა. ქალები სამკერდე მოკაზმულობას ატარებდნენ, რომლებსაც ყუბაჩელი და ყაზიყუმუხელი (ლაკი) ოსტატებისაგან იძენდნენ.
კარატაელები ძირითადად გარიგებითი ქორწინებოდნენ. ქორწინების სხვა ფორმები, ისეთები როგორებიცაა ქალის მოტაცება, გაცვლითი ქორწინება, ლევირატი და სორორატი იშვიათად ხდებოდა.
ტრადიციულ საჭმელს კარატაელები ძირითადად ფქვილის, ხორცისა და რძისაგან აკეთებდნენ. კარატაელები სარწმუნოებით მუსლიმი-სუნიტები არიან. შემორჩენილი იყო წვიმის და სეტყვის გამოწვევის, საქონლის ჭირის შეწყვეტის რიტუალები. ფართოდ იყო გავრცელებული საღამოს გასართობი თავყრილობები, მამაკაცთა მრავალდღიანი და მკაცრად რეგლამენტირებული კრებები. ხალხური პოეტური შემოქმედება ორენოვანი (კარატაული და ხუნძური) იყო. სახალხო მკურნალებს შეეძლოთ ავადმყოფობების დიაგნოსტირება და მკურნალობა, რთული ქირურგიული ოპერაციების გაკეთება. კარატაელ მკურნალებს დაღესტნის სხვა ხალხებიც იწვევდნენ. აქ შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენების გადმონაშთები, ბუნების, წინაპრების, ცხოველების კულტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012