კაპისტონი თეთრი, კაპისტონა, ზეკროულა კაპისტონა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სამ, ზოგჯერ ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლად არის დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად უვითარდება მხარი, საშუალო სიკუმსისაა, თუმცა კუმსი და ძლიერ კუმსი მტევნებიც გვსვდება. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმის, მომწვანო-ყვითელი, მზის მხარეს მოქარვისფრო-ყვითელი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ძალიან სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

კაპისტონი თეთრის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-169 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 6.0-7.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.2-9 გ/ლ-ს.

მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო. ევროპული და იმერული წესით დაყენებული მისი ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვიო, კარგი სხეულით, სიხალისით, მაღალი გემური თვისებებით. ასევე მაღალი ღირსებით გამოირჩევა მისგან დამზადებული ცქრიალა ღვინოც, რომელსაც ახასიათებს: მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, ვარგი სხეული და სასიამოვნო მჟავიანობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 176