კამილა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კამილა}} |
კამილა (ლათ. Camilla) — იგივე კადმილა, ფეხმარდი რომაელი გმირი ქალი, ვოლსკების ბელადი, ტურნუსის მშვენიერი და და მამაცი მოკავშირე, მეფე მეტაბუსის და კასმილას ასული. იტალიის ამაძონებად წოდებულ მამაც ქალებს ჩაუდგა სათავეში, ენეასს ებრძოდა, შუბით მოკლა არუნსმა და გაიმარჯვეს ტროელებმა.
როდესაც ჯერაც პატარა იყო, მამამისი სისასტიკისათვის ქ. პრივერნუმიდან განდევნეს. ბავშვით ხელში რომ გარბოდა, გზა მდ. ამაზენმა გადაუღობა. მეტაბუსმა ასული დიანას შეავედრა, ხის ქერქში გაახვია, დიდ შუბზე დააკრა, გადაისროლა, თვითონ კი გაცურა. შუბი გაღმა დაესო, გოგონა გადარჩა. მეტაბუსმა შუბი ამოაძრო და ვოლსკებს გაექცა.
სასტიკი მეტაბუსი არ გაიკარა არც ერთმა ქალაქმა, არც ერთმა მხარემ, მთებში წავიდა, ასული რემას ჩამორჩენილი ფაშატის რძით გაზარდა, კაპარჭი დაჰკიდა, მშვილდის და შუბის სროლა ასწავლა. კამილა უებრო მონადირე გამოვიდა, გაფრენილ სტრიმონის წეროს და თეთრ გედს ჰაერშივე კლავდა. ისეთი სწრაფი იყო, ჯეჯილს თავზე გადაუქროლებდა, ერთი თავთავიც არ შეირხეოდა; ზღვაზე ისე გადაირბენდა, ტალღები ფეხის დასველებას ვერ ასწრებდნენ, არ იძირებოდა. თავიდანვე დიანა მფარველობდა, მისი მხლებელი გახდა. ეტრუსკთა დედები ამაოდ ნატრობდნენ პატარძლად, ქალწულს მხოლოდ ომი სწყუროდა, უბიწო დიანა უყვარდა.
როდესაც ენეასი ტევკრი (ტროელი) მეომრების თანხლებით იტალიას მიადგა, იტალიის ხალხი ორად გაიყო, კამილა ტურნუსს მიემხრო და ენეასის რაზმებში სიკვდილს თესავდა. იცავდა ლაციუმის ქალაქ ლავრენტუმს. ომში მიმავალს დიანამ ტყის უმშვენიერესი ნიმფა ოპისი მიუგზავნა, ისარი ჩააბარა და უთხრა: „ჩემი საყვარელი ქალიშვილი სასტიკ ომში მიდის. ვინც მას მოკლავს, იტალიელი იქნება თუ ტროელი, დანაშაულს სისხლით გამოისყიდის, კამილას იარაღს კი მის სამშობლო მხარეში ჩავიტან, რომ მტერს არ დარჩეს და სამარეზე ძეგლი აღმართონ“. ლავრენტუმის დაცვაში მისებრ ქალწული დობილები ახლდნენ, ყველა გმირზე მეტად გამოიჩინა თავი, ქარივით დაჰქროდა და ზედიზედ ასალმებდა სიცოცხლეს რჩეულ ტროელ მეომრებს. ამაოდ ცდილობდა მის ძლევას ლიგურიელი ავნუსი. „ქალწულო, აქამდე რომ ვერ მოგიხელთე, მიზეზი შენი ცხენის სიმარჯვეა და არა შენი“, — უთხრა. განრისხებული კამილა ცხენიდან გადმოხტა და თავხედს ხელმომარჯვებული მიუახლოვდა. ლიგურიელი მის ცხენს მოახტა, გაქცევა ამჯობინა. კამილა ფეხით დაეწია, ცალი ხელით აღვირი დაუჭირა, მეორით ავნუსი განგმირა და ცხენი დაიბრუნა. მეორედ ტროელი ქლორევსი აედევნა,ფრიგიელ კიბელეს ქურუმი. ქალწული კამილა მოხიბლა მისი სამოსის და სამკაულების ხილვამ, ქურუმს გაეკიდა. ამით ისარგებლა ენეასის მოკავშირემ, ეტრუსკმა არუნსმა, აპოლონს შეევედრა: ეს ქალწული მომაკვლევინე და შინ თუნდაც უსახელოდ დამაბრუნეო. აპოლონმა პირველი თხოვნა შეუსრულა (იმის მიუხედავად, რომ მისი და დიანა მფარველობდა), მეორე კი ქარს გაატანა. არუნსის შუბით დაჭრილმა ქალწულმა დობილს მიმართა: „ბოროტი ჭრილობა ბოლოს მომიღებს, თვალებზე ბურუსი მეფარება. გადაეცი ტურნუსს, დაიჭიროს ჩემი ადგილი და დაიცვას ქალაქი“. ნიმფა ოპისმა მისი სიკვდილი მთიდან დაინახა და თქვა: „საბრალო ქალწულო! არ ინებე დიანას სამსახური, ტყეში ნადირობა, სამესისხლოდ შეები ტროელებს, მაგრამ დიანა არ დაგივიწყებს“, - ამ სიტყვებზე ისარმაც გაიზუზუნა, განგმირული არუნსი ძირს დაეცა, შეშინებულ თანამებრძოლთა რაზმი გაიფანტა, ნიმფა ოპისი კი ოლომპოზე დაბრუნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983