კალტი
კალტი — თუშური ტრადიციული პროდუქტი, რომელსაც ზაფხულის პერიოდში თუშური გუდის ყველის წარმოების შემდეგ დარჩენილი შრატისგან ამზადებენ მწყემსები. შრატს აცხელებენ (ჩვეულებრივ, შეშის ცეცხლზე), ურევენ ხის კოვზით, რათა კალტი არ მიეკრას ჭურჭლის ძირს. მიღებული კალტი იწურება ქსოვილის ტომსიკებში. კალტს აშრობენ მოწნულ გალიაში — „კიშტეში“.[1]
გასახმობად ნედლი კალტის ბურთულებს ალაგებენ ფიცრებზე, ხოლო ნედლი სახით — მარილით გადაზელავენ და დებენ ცხვრის ტყავში — გუდაში. კალტს მკვეთრი სუნი აქვს, რბილი კონსისტენციისაა და ცხარე გემო დაჰკრავს. მწყემსები მას მცირე რაოდენობით, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ამზადებდნენ. მწყემსებისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი სასურსათო პროდუქტია ზამთრის პერიოდში.[2]
კალტს ჩვეულებრივ, ტრადიციულ ადგილობრივ ლუდთან — ალუდთან ერთად მიირთმევენ. ამჟამად ის პოპულარული გახდა ქალაქის მოსახლეობასა და ტურისტებს შორისაც. პროდუქციის ნახევარი ადგილობრივ ბაზრებზე იყიდება. ქვეყნით მასშტაბით მას „ხმელი კალტის“ ან „თუშური კალტის“ სახელით ყიდიან.[2]