კათარინა საქსონიელი

კათარინა საქსონიელი (გერმ. Katharina von Sachsen; დ. 24 ივლისი, 1468 — გ. 10 თებერვალი, 1524) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ III-ის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1484-90 წლებში როგორც სიგიზმუნდ I-ის, ხოლო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია 1497-1524 წლებში როგორც ერიკ I-ის მეუღლე.

კათარინა საქსონიელი
ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1484
მმართ. დასასრული: მაისი, 1490
წინამორბედი: ელეონორა შოტლანდიელი
მემკვიდრე: ანა ბრეტონელი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგისა და კალენბერგის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1497
მმართ. დასასრული: 10 თებერვალი, 1524
წინამორბედი: ელიზაბეთ შტოლენბერგელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ბრანდენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ივლისი, 1468
გარდ. თარიღი: 10 თებერვალი, 1524, (55 წლის)
მეუღლე: სიგიზმუნდ I, ავსტრიის ერცჰერცოგი
ერიკ I, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დინასტია: ვეტინები
მამა: ალბრეხტ III, საქსონიის ჰერცოგი
დედა: სიდონია ბოჰემიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კათარინა დაიბადა 1468 წლის 24 ივლისს საქსონიის ქალაქ გრიმაში. იგი იყო საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ III-ისა და მისი ცოლის, სიდონია ბოჰემიელის უფროსი ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა საქსონიის ჰერცოგი ფრიდრიხ III და მისი ცოლი მარგარეტ ავსტრიელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ბოჰემიის მეფე გეორგ პოდებრადი და მისი ცოლი კუნიგუნდა შტერნბერგელი. კათარინას სულ სამი გადარჩენილი ძმა ჰყავდა: გეორგი, ჰაინრიხი და ფრიდრიხი.

16 წლის ასაკში, 1484 წელს ინსბრუკის სამეფო კარზე, კათარინა ცოლად შერთეს ავსტრიის 56 წლის ორჯერ დაქვრივებულ ერცჰერცოგ სიგიზმუნდ I-ს. მისი პირველი ცოლი, საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასული რადეგონდ დე ვალუა ქორწილიდან მალევე დაიღუპა, მისი მეორე ცოლი, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის ასული ელეანორა სტიუარტი უშვილოდ აღესრულა, ამიტომაც მან მემკვიდრის გაჩენის მიზნით მესამედ იქორწინა. ბედის ირონიით, სიგიზმუნდს მესამე ცოლიც უნაყოფო აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, კათარინამ მოახერხა მცირე პოლიტიკური როლის შესრულება, როდესაც 1487 წელს ტიროლის საგრაფოს რეგენტად დაინიშნა. ტიროლელები მას მალევე აუჯანყდნენ და კათარინას ბიძაშვილ ფრიდრიხ III ავსტრიელს მიემხრნენ, რითაც ტიროლი ავსტრიის მმართველობაში გადავიდა. უნაყოფობასთან ერთად ასეთმა ცუდმა პოლიტიკურმა შედეგებმა სიგიზმუნდს გული აუცრუა მასზე და 1490 წელს კათარინასთან განქორწინდა, 1496 წელს კი უშვილოდ დაიღუპა.

სიგიზმუნდის გარდაცვალებიდან მალევე, 1497 წელს კათარინა ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ერიკ I-ს. ქორწინებიდან კათარინამ მხოლოდ პრინცესა ანა მარია გააჩინა, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა. კათარინა საქსონიელი გარდაიცვალა 1524 წლის 10 თებერვალს, უშვილოდ, რის გამოც ერიკმა მეორედ იქორწინა და შეეძინა შვილებიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Klaus Brandstätter: Die Tiroler Landesfürstinnen im 15. Jahrhundert. In: Margarete Maultasch. Zur Lebenswelt einer Landesfürstin und anderer Tiroler Frauen des Mittelalters. Hrsg. v. Julia Hörmann-Thurn und Taxis. (Schlern-Schriften 339). 2007, S. 175–218.