კავკასიის სოციალ-რევოლუციური საზოგადოება

კავკასიის სოციალ-რევოლუციური საზოგადოება — ქართველ და სხვა კავკასიელ ახალგაზრდათა ფარული რევოლუციურ-ხალხოსნუ­რი ორგანიზაცია. ჩა­მო­ყა­ლიბდა 1873–1874 წლებში. ფართო რევოლუციური მუშაობა გაშალა 1875–1876 წლებში. საზოგადოების ბირთვი გახდა გორის წრე, რომელიც 1872–1873 წლებში შეიქმნა. 1874–1878 წლებში მასში გაერ­თიანდნენ ­თბი­ლისის, ქუთაისის, კა­ხე­თის, გურიის, სამეგ­რელოს, რა­ჭა-ლეჩ­ხუ­მის, ვლადიკავკაზის წრე­ები, კავკასიის სხვადა­სხვა კუთხეში მო­მუშავე ხალხოსანთა ჯგუფები და ცალკეული ხალხოსნები. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ და­კავშირებული და ემორჩილებო­დნენ საერთო ხელმძღვანელობას. საზოგადოებას საქმიანი კავშირ-ურთიერთობა ჰქონდა სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციასთან, რომელსაც კავკასიის ახალგაზრდები ხელმ­ძღვანელობდნენ. საზოგადოების ადმინისტრა­ციაში შედიოდნენ ისიდორე ქიქოძე, ეგნატე იოსელიანი, მიშო ყიფიანი. მათ ერთმანეთთან სისტემატიური მიმოწერა ჰქონდათ საიდუმლო შრიფტით. პერიოდულად აწყობდნენ თათბირებს, რომლებსაც ად­გილობრივი ხალხოსნური წრეების აქტიური წევრებიც ესწრებოდნენ.

1876 წლის მაისში მ. ყიფიანის თავჯდომარეობით ქუთაისში ჩატარდა საზოგადოების გაფართოებული თათბირი, რომელმაც ვარლამ გაბიჩვა­ძეს დაავალა საზოგადოების პროგრამის პროექტის შედგენა. მას ჰქონდა წესდება, რომლის ფრაგმენტმაც „ჯამის წესდების“ სახით ჩვენამდე მოაღწია. წესდების მიხედვით, იგი მტკიცედ დარაზმული, დისციპლინებული, ­კონსპირაციული, ცენტრალიზებული ორგანიზაცია იყო. მისი წევრები რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდნენ გლეხობასა და მოსწავლე ახალ­გაზრდობაში, რისთვისაც იყენებ­დნენ როგორც რუსულიდან თარგმნილ აკრძალულ წიგნებს, ისე თავიანთ წერილებსა და პროკლამაციებს. საპროპაგანდო მასალას ბეჭდავდნენ სოფელ ტყვიავის არალეგალურ სტამბაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხალხოსანი ვ. სამადა­შვი­ლი. საზოგადოება გურიაშიც აპირებდა სტამბის გამართვას. ამისათვის საზღვარგარეთიდან გამოიწერეს და ბათუმში ჩამოიტანეს სასტამბო მოწყობილობა, მაგრამ დაწყებული რეპრესიების გამო ეს ვერ განხორციელდა. ორგანიზაცია გასცა მოღალატემ. 1876 წლის 6 ოქტომბერს მთელ კავკა­სიაში დაიწყო რევოლუციონერთა დაპატიმრება, რაც 1878 წლამდე გაგრძელდა. დააპატიმრეს 80-ზე მეტი კაცი, მ. შ. არაერთი ქალი. მათგან 38 კაცი გამოძიების პერიოდშივე გაათავისუფლეს, 32 კაცი ადმინისტრაციული წესით დასაჯეს, ხელმძღვანელებს – ე. იოსელიანსა და მ. ყიფიანს ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 443-444.
  • ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში (XIX ს. მეორე ნახ.), თბ., 1967
  • შველიძე ზ., ამიერკავკასიელები „სრულიად რუსე­თის სოციალურ-რევოლუციურ ­ორ­განიზაციაში“ (1874–1876 წწ.), თბ., 1974
  • შველიძე ზ., ნარკვევები ამიერკავკასიის ხალხთა რე­ვოლუციურ-განმათავისუფლებელი ბრძო­ლის ისტორიიდან, თბ., 1971
  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 1960
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტ. 2, ტფ., 1927