კავკასიის საეგზარქოსო

კავკასიის საეგზარქოსო (რუს. Кавказский Экзархат) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ერთეული 1917-1920 წლებში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიურად დაიწყეს ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიაზე ზრუნვა.

25 თებერვალს (10 მარტს) საქართველოს ეგზარქოსს პლატონს წარუდგა დეპუტაცია გურია-ოდიშის სამღვდელოებისა. დეპუტაციაში შედიოდა სამი სასულიერო პირი: დეკანოზი ევგენი შენგელაია, კეთილმოწესე მღვდელი კირილე ჯავახია და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე. მათ თან ჩამოიტანეს გურია-ოდიშის სამღვდელოების კრების დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ეგზარქოსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა 26 თებერვალს ერთად შეკრებილიყვნენ და საკითხი დაესვათ მეფისნაცვალთან[1]. რამდენიმე დღეში შედგა გურია-ოდიშის სამღვდელოების დელეგატებისა და მეფინაცვლის შეხვედრა ეგზარქოს პლატონის შუამდგომლობით. მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ მოუსმინა და დაპირდა დეპუტაციის თხოვნა საქართველოს ეკლესიის კანონიერ უფლებათა დაბრუნების შესახებ გაეგზავნა პეტროგრადში, სადაც უნდა განხილულიყო და მიეღით შესაბამისი გადაწყვეტილება[2].

12 (25 მარტს) მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ გამოაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აგრძელებდა თავის ავტოკეფალურ ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ ერთხმად იქნა არჩეული გურია-ოდიშის მღვდელთმთავარი ეპისკოპოსი ლეონიდე. არჩეულ იქნა ასევე აღმასრულებელი კომიტეტი შემდგარი სამღვდელოთა და ერისკაცთაგან, ხოლო ეგზარქოსის თანამდებობა გაუქმებულად გამოცხადდა. ყველა საეგზარქოსო საქმეები გადავიდა ახლადშექმნილი აღმასრულებელი კომიტეტის ხელში. კრებამ შექმნა შესაფერისი ოქმი, რომლის ტექსტიც გაეგზავნა ახლადშექმნილ რუსეთის დროებით მთავრობას.

 
„1917 წელსა, მარტის 12 დღესა, მცხეთის წმინდათა ათთორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საქათალიკოსო საყდარში, კვირა დღეს, შევიკრიბენით რა, ჩვენ, საქართველოს ეკლესიის მწყემს-მთავარნი, სამღვდელოების კრებული და სამწყსოთა წარმომადგენელნი, შევასრულეთ წირვა და სავედრებელი პარაკლისი რუსეთის ახალი მთავრობის საკეთილდღეოთ, გავითვალისწინეთ რუსეთის სახელმწიფოში მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლის მთავრობის დაფუძნება და მის საყოველთაო საზოგადოთ სახელძღვანელო დებულებანი და განსაკუთრებით სინდისის და სარწმუნოების თავისუფლების მისგან აღსარება (მუხ. 3), მივიღეთ რა მხედველობაში: ა) ვინაიდგან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლათ, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო კრებათა დასტური, რომლის მოსპობა, ანუ გაუქმება არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა და სრულიად არაკანონიკურად შეუჩერეს მისი ავტოკეფალური მართვა-გამგეობა; ბ) ვინაიდან რუსეთის სახელმწიფოში დაწესდა ახალი სახელმწიფო მართვა-გამგეობა, რომელსაც აღარ შეესაბამება საქართველოს ეკლესიის უფლება-ახდილად ყოფნა, ამისათვის აუცილებლად ვსცანით ერთხმად და ერთსულოვნად დავადგინოთ:
ა) საჩქაროდ განგრძობილ იქმნეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობა, ხოლო ვიდრე სრულ-კანონიკურ ნიადაგზე მოხდებოდეს საქართველოს ეკლესიის ქათალიკოსის არჩევა, დროებით დაინიშნოს ქათალიკოზის ადგილის აღმავსებლად საქართველოს ეკლესიის გამგედ სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზის ლეონიდეს თავჯდომარეობით.
ბ) ვინაიდგან საქართველო გულწრფელად აღიარებს რუსეთის ახალ მთავრობასთან სრულ სოლიდარობას თავის არსებობის ქვაკუთხედად, ამისთვის ეს დადგენილება მოხსენდეს რუსეთის ახალ მთავრობის თავჯდომარეს ბ. როდზიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარეს თავად ლვოვს, სინოდის ობერ-პროკურორს ბ. ლვოვს, და ეცნობოს თბილისში კავკასიის კავკასიის კომისარიატს (ხელს აწერენ მღვდელთმთავარნი, სამღვდელონი, წარმომადგენელნი ქართველ თავად-აზნაურობისა, სხვა დასხ სხვა საკულტო დაწესებულებათა, საქართველოს ქალაქთა და მთლად დამსწრე ხალხი.“

13 მარტს მცხეთაში არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ შემდეგი წერილი მისწერა ნაეგზარქოსალ პლატონს:

 
„მართვა-გამგეობა საქართველოს ეკლესიისა, რომელიც უხსოვარის დროიდან სარგებლობდა ავტოკეფალურის უფლებითა, მე-XIX საუკუნის დასაწყისში ხელში ჩაიგდო, წინააღმდეგ თვით ეკლესიის სურვილისა, რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა. ეს აკტი კანონიკურად უმართლო იყო, ხოლო პრაქტიკულად კი დამღუპველი საქართველოს ეკლესიისათვის. ამიტომ ამ უკანასკნელმა 1906 წლიდან აღძრა კითხვა მასში აღდგენილ ყოფილიყო კანონიკური წესწყობილება. გარნა ეს კითხვა დღემდე კითხვად რჩებოდა. რაც რუსეთში სახელმწიფოებრივის ცხოვრების ახალი წესწყობილება დამყარდა, რომელმაც აღიარა თავისუფლება სარწმუნოებისა და სინდისისა, საქართველოს ეკკლესიამ თვისთა მღვდელთმთავართა და სამღვდელოთა კრებულისა და საეროთა წარმომადგენელთა პირით მარტის 12, 1917 წ. მცხეთაში წირვის შემდეგ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი რუსეთის ახალ მთავრობის განსამტკიცებლათ და აღადგინა თავისი კანონიკური წესწყობილება. ამიტომ ამიერითგან თქვენ იურიდიულათ და ფაქტობრივად აღარა ბრძანდებით საქართველოს ეგზარქოსად და ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსად, გერთმევათ უფლება განაგოთ საქართველოს ეპარქიები და მრევლები, სასულიერო სასწავლებლები და საეკლესიო დაწესებულებანი საექზარხოსოსი, საქართველოს საკათალიკოსოს საზღვრებში, აგრეთვე გერთმევათ ის კრედიტი, საქართველოს ეკლესიის შესანახად რომ უნდა გადაიდოს ხოლმე; საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობას, კათოლიკოსის არჩევამდე, ამიერიდან, კრების დადგენილებით ვიწყებ მე.“

აღნიშნულის პასუხად პლატონს უთქვამს, რომ მიეცათ მისთვის ვადა სამი დღე, რათა მისი უფროსობისაგან მიეღო შესაბამისი პასუხი, თუმცა საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრის ეპისკოპოს ლეონიდეს პასუხი იყო ურყევი: „როგორი პასუხიც არ უნდა მიიღოთ ხელმძღვანელობიდან, თქვენ ეგზარქოსობიდან გადაყენებული ხართ და საქართველოში მოქმედებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაო“.

მიუხედავად საქართველოს ეკლესიის თამამი ნაბიჯებისა ეგზარქოსი პლატონი უარობდა უფლებების მოხსნას და იძახდა, რომ მისი გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ იმას ვინც აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნა. ამასთანავე არსებობდა რიგი გაურკვევლობა არაქართველ სასულიერო პირებთანაც, რომლებიც მოღვაწეობდნენ საქართველოში და მათთვის შეუძლებელი იქნებოდა ქართულად დაეწყოთ ღვთისმსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის დროებითმა საბჭომ რუსულ სასულიერო პირებთან ერთად რიგი შეხვედრები გამართა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტს წევრებთან.

3 (16) მაისს ეგზარქოსი პლატონი პეტროგრადში გაემგზავრა რუსეთის წმინდა სინოდის საზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად[3]. კავკასიის ეგზარქოსი აპირებდა ოქტომბრის ბოლომდე პეტროგრადში დარჩენას, ხოლო მის მოვალეობას ბაქოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი შეასრულებდა[4].

ივნისის თვეში პეტროგრადში საქართველოს ეკლესიის დეპუტაცია წავიდა გორის ეპისკოპოსის ანტონის, დეკანოს კალისტრატე ცინცაძისა და მღვდელი მ. მაჩაბელი დადასავლეთ საქართველოს წარმომადგენელნი. ვიზიტის მიზეზი იყო დეპუტაციას დროებითი მთავრობისგან დაემტკიცებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია[5].

საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსის მოსაყდრემ ეპისკოპოსმა ლეონიდემ პეტროგრადიდან მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი: დროებით მთავრობასთან არსებულმა იურიდიულმა კომისიამ დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის დროებითი სამმართველოს დეკლარაცია და ამავდროულად კათოლიკოსს უწოდა მცხეთის მთავარეპისკოპოსი და კათოლიკოს-პატრიარქი ყველა ქართველისა; მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუჩინა თბილისი. რუსთა სასულიერო უწყების უფროსს დაერქვა თბილისის მთავარეპისკოპოსი და კავკასიის ეგზარქოსი. საქართველოს მხარე უკმაყოფილო დარჩა ამდაგვარი გადაწყვეტილებით და პროტესტი განაცხადა.

აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საეგზარქოსომ მის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიცვალა თვითსახელწოდება და დაერქვა კავკასიის საეგზარქოსო, რომელმაც 1920 წლამდე იარსება.

მმართველები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება