იცერია, ავსტრალიური ღარიანი ცრუფარიანა (ლათ. Icerya purchasi) — მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ციტრუსოვანი კულტურების საკარანტინო მავნებელია. აზიანებს სხვა მცენარეებსაც. დედლის სხეული ოვალურია, მოწითალოყავისფერი, სიგრძით 5-7 მმ. კვერცხის დების პერიოდში გამოყოფს თეთრ, ღარებიაჰ საკვერცხე ჩანთას (ოვისაკს). იცერიას სამშობლოა ავსტრალია, საიდანაც სარგავ მცენარეებთან ერთად გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოჰყავთ ციტრუსოვნები.
მამალი იცერია იშვიათია, ის ფრთიანია. დედალი მაისში 100-2000 კვერცხს დებს. იცერიას მატლები ზოგჯერ მრავალრიცხოვან კოლონიებს ჰქმნიან, რის შედეგადაც დაზიანებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება და ნაკლებ მოსავალს იძლევა. ბრძოლის ღონისძიებიდან ძირითადია მტაცებელი ხოჭოს - როდოლიას გავრცელება იცერიას კერებში; იშვიათად ხდება ნარგაობათა დამუშავება ინსექტიციდებით.