იშიგ (აზერ. ایشیق, İşıq; ქართულ თარგმანში „სინათლე“) — პირველი ქალთა ყოველკვირეული ჟურნალი აზერბაიჯანულ ენაზე.

ჟურნალის გარეკანი

აზერბაიჯანელმა მილიონერმა, ქველმოქმედმა, მუსულმანურ სამყაროში ცნობილი გოგონების გიმნაზიის დამფუძნებელმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა აზერბაიჯანში დააარსა პირველი ქალთა გაზეთი სახელწოდებით „იშიგ“ („სინათლე“). მისი პირველი ნომერი გამოიცა 1911 წლის 22 იანვარს. 1911 წლის იანვრიდან 1912 წლის დეკემბრამდე გამოდიოდა გაზეთის 64 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 68) ნომერი. ჟურნალის რედაქტორი იყო ექიმი ხადიჯა ალიბეკოვა, აზერბაიჯანის ერთ-ერთი განმანათლებელი ქალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ის იყო ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. გაზეთის გამომცემელი კი მისი მეუღლე მუსტაფა ალიბეკოვი იყო. ის გახლდათ ჟურნალისტი და მწერალი. მუსტაფა ბეი ასევე ცნობილი იყო როგორც ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დამცველი[1].

ჟურნალი „იშიგი“ ქალთა სამეცნიერო-პედაგოგიური, ლიტერატურული, მედიცინისა და საშინაო საქმეების შესახებ წერდა. ის კვირაში ერთხელ გამოდიოდა შაბათ დღეს. გარდა ბავშვთა განათლების, ლიტერატურის, მედიცინისა და საოჯახო მეურნეობისა, იწერებოდა სხვადასხვა სტატიები, რომლებიც დაკავშირებული იყო კანონთან, კულტურასთან, შარიათის წესებთან და მსოფლიო ამბებთან[1].

გაზეთის მიზანი იყო იმ დროს გოგონების ჩართვა განათლებაში, ქალების უფლებების გაცნობა, რაც მუსულმანური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ორ წელიწადში ჟურნალის სულ 68 ნომერი იქნა გამოცემული „იშიგმა“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა განათლებას მოკლებული ქალების ცხოვრებაში. ის არა მხოლოდ გახდა აზერბაიჯანელი ქალების თვალისა და განმანათლებლობის სინათლე მე-20 საუკუნის დასაწყისში, არამედ შეარყია ისლამური სამყაროს კანონებით მცხოვრები ქალების ლოზუნგები, მან ასევე შექმნა ქალთა პრესის საფუძველი და ტრადიცია აზერბაიჯანული პრესის ისტორიაში. გახდა საფუძველი პრესაში ქალთა პრობლემების გადაჭრისა[1].

გაზეთის ზოგიერთი სტატია რუსულადაც ითარგმნა. „იშიგმა“ ფინანსური სიძნელეების გამო დიდხანს ვერ იარსება[1].

გაზეთ „იშიგის“ გამოცემამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანული პრესის ბრძოლა ქალთა თავისუფლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ქალების თავისუფლების მომხრეები და თავად ქალები უკვე სერიოზულ სოციალურ ძალად იქცნენ[2].

გაზეთის გარეკანზე ძალზე სიმბოლური გამოსახულება იყო ჩადრაში ჩაცმული ქალი, რომელიც ბავშვს იჭერს და მას უთითებს ამომავალ მზეზე. ამით გამომცემელმა ხაზი გაუსვა წიგნიერების და ბეჭდვის მნიშვნელობას ხალხის ნათელი მომავლისთვის[2].

ქალები არა მარტო წერილებს გზავნიდნენ ჟურნალში, არამედ საკუთარ კორესპონდენციებს, სტატიებსა და ლექსებსაც კი[2].

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა 1912 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება, 2012 წლის იანვარში ეროვნული მემკვიდრეობის კულტურული ისტორიული კვლევის ფონდის დაარსებით იგი კვლავ აღორძინდა, როგორც „იშიგ-გადინ“ („სინათლე - ქალი“). ჟურნალის მთავარი რედაქტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სადაგათ გაჰრამანოვა[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება