იფნიაანთ ღვთისმშობლის ეკლესია
იფნიაანთ ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფშაველის სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან მას ეკვრის თანადროული, თითქმის ორჯერ უფრო მოკლე, რამდენადმე დაბალი მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელი ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა და მასთან წყობითაა შერწყმული. ძველი ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით წყობა, ძირითადად, ქაოსურია, თუმცა, ალაგ-ალაგ, თარაზულად გამავალი რიგებიცაა გამოყვანილი, შენობის გარეთა კუთხეები ნაწყობია სუფთად დამუშავებული შირიმის კვადრებით, მოგვიანებით, ეკლესია შეუკეთებიათ, რომლის დროსაც, კედლები გარედან შეულესავი და შეუთეთრებიათ. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი კედლის ღერძზე, დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა, იგი ორივე მხრიდან კედლის შეღრმავებულ არეშია ჩასმული, მათ შორის გარეთა, შეისრული თაღითაა დასრულებული, შიგნითა კი — ნახევარწრიულით.
ეკლესიის დარბაზი მოკლეა, თითქმის კვადრატული მოხაზულობის. აღმოსავლეთიდან მას ერთვის ნახევარწრიული, ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურით შემაღლებული აფსიდი, რომლის ცენტრში ნახევარწრიულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით მცირე, სწორკუთხა ნიშაა. ქვემოთ კი, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიშენებული. მსგავსი, თითო სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. იგივე მოხაზულობა აქვს სატრიუმფო თაღსაც, რომელიც მთლიანად შირიმის, ნათალი ქვებითაა გამოყვანილი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში, მინაშენში გასავლელი, ვიწრო კარია გაჭრილი. კარი ეკლესიის მხრიდან ნახევარწრიული თაღითა დასრულებული, მინაშენის მხრიდან კი სწორკუთხაა.
ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი კონქზე, დასავლეთ კარის ტიმპანზე და ტრაპეზზე. დარბაზის იატაკში მხედრულ-წარწერიანი, ორი საფლავის ქვაა. მინაშენი უაფსიდო, ცილინდრული კამარით გადახურული, ოთხკუთხა სათავსია განათებულია აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილი მცირე, სწორკუთხა სარკმლით. შენობის ფასადები სადაა. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, შირიმის ქვაზე, წრეში ჩასმული, რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. კედლები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, წრეთარგი და ლილვი შეადგენს. ეკლესიაც და მინაშენიც ღარისებრი კრამიტით დაბურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 348-349.