იური ალექსანდრეს ძე ზარეცკი (დ. 22 დეკემბერი, 1928, ზაპოროჟიე, — გ. 8 მაისი, 1985, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, წარმოშობით უკრაინელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1964).

1951 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1948–1955 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ანსამბლის ბალეტმაისტერი იყო, 1955–1967 წლებში — თბილისისა და ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრების სოლისტი. ცეკვებს დგამდა თბილისის ოპერისა და ბალეტის, მუსიკალური კომედიისა და დრამის, ასევე საქართველოს სხვადასხვა დრამატულ თეატრში, ასევე ლენინგრადის, კიევის, კიშინიოვის, ეკატერინბურგის, ოდესის, ბაქოს თეატრებში. რუსთაველის თეატრში ქორეოგრაფიულად გააფორმა მრავალი სპექტაკლი, მ. შ. უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი” (1964), „მეფე ლირი” (1966) და „იულიუს კეისარი” (1973, სამივეს რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი); ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა” (1968), ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” (1977, ორივეს დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა) და სხვ.

1972 წლიდან ზარეცკი რუსთაველის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო. მოღვაწეობდა კინოშიც. დადგა ცეკვები კინოფილმებში — „ვერისუბნის მელოდიები” (1973, რეჟისორი გიორგი შენგელაია) და „აურზაური სალხინეთში” (1975, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტში (სცენური მოძრაობის კათედრის გამგე 1964–1973 წლებში). ზარეცკის მდიდარი კოლექცია (ვერცხლისა და თითბრის ანტიკვარული ნივთები, უნიკალური საოჯახო ავეჯი და სხვ.) მისივე ანდერძით გადაეცა თბილისის ივანე გრიშაშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ქარვასლას”.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი ე., ჩხეიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 312.